უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს.
ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) პრესსამსახურიც.
როგორც უკრაინული მედია წერს, ჩხრეკა, შესაძლოა, პარლამენტის კენჭისყრის დროს უმაღლესი რადას დეპუტატების მოსყიდვის საქმეს უკავშირდებოდეს.
ანტიკორუფციული სააგენტოების ცნობით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და პროკურატურამ გამოავლინეს „უმაღლესი რადას ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი“, რომელიც სხვა ფრაქციების პარლამენტის წევრებს ქრთამს სთავაზობდა. ქრთამის სანაცვლოდ, პარლამენტის წევრებს კონკრეტული კანონპროექტებისთვის მხარი უნდა დაეჭირათ ან წინააღმდეგ მიეცათ ხმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმეზე უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა „ბატკივშინის“ ხელმძღვანელის, იულია ტიმოშენკოს ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს.

