უკრაინის ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის მიხაილო ფიოდოროვის ინფორმაციით, 2 მილიონი უკრაინელი მამაკაცი იძებნება, 200 ათასმა კი სამხედრო ნაწილები თვითნებურად დატოვა.
როგორც ფიოდოროვმა უმაღლესი რადის ტრიბუნიდან განაცხადა, მას სურს იყოს არა პოპულისტი, არამედ რეალისტი, შესაბამისად, ზემოთ ხსენებული გამოწვევების გარდა, თავდაცვის სამინისტრო მის ხელში გადადის 300 მილიარდი გრივნის დეფიციტით.
„ჩვენ უნდა გავიგოთ, თუ როგორ იმუშავებს წელს თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც წინა წელთან შედარებით 300 მილიარდით ნაკლები გრივნა მიიღო. პირველ რიგში, უნდა გავერკვეთ არსებულ ადამიანურ რესურსში, არ მინდა პოპულისტი ვიყო – მინდა რეალისტი ვიყო. თავდაცვის სამინისტრო ჩემს ხელში ხვდება მინუს 300 მილიარდით, 2 მილიონი ძებნილი უკრაინელით და 200 000 იმ პირით, რომლებიც სამხედრო ნაწილების თვითნებურად დატოვებულთა კატეგორიაში შედიან“, – განაცხადა ფიოდოროვმა.
აღსანიშნავია, რომ ფიოდოროვი თავდაცვის მინისტრის პოსტზე უმაღლესმა რადამ დღეს დაამტკიცა. ის მეოთხე თავდაცვის მინისტრია, რომელიც რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას დაინიშნა.

