აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ვოლოდიმირ ზელენსკი, და არა ვლადიმერ პუტინი აფერხებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ტრამპის რიტორიკა მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროპელი მოკავშირეების აზრს, რომლებიც ამბობენ, რომ მოსკოვი უკრაინაში ომის დასრულებაში ნაკლებად არის დაინტერესებული.
თეთრ სახლში მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუს დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზადაა შეწყვიტოს უკრაინაში ოთხწლიანი ინტერვენცია, თუმცა ზელენსკი თავს იკავებს.
„ვფიქრობ, რომ ის გარიგებისთვის მზადაა“, – განაცხადა ტრამპმა პუტინზე საუბრისას – „ვფიქრობ, უკრაინა ნაკლებად მზადაა გარიგებისთვის“.
კითხვაზე, აშშ-ის ლიდერობით გამართულმა მოლაპარაკებებმა რატომ არ დაასრულა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი კონფლიქტი, ტრამპმა განაცხადა: „ზელენსკი“.
როგორც სააგენტო იუწყება, ტრამპის ახალი განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ის უკრაინის ლიდერით კვლავ უკმაყოფილოა. ორ ლიდერს შორის ურთიერთობები დიდი ხანია დაძაბულია, თუმცა ტრამპის გაპრეზიდენტებიდან ერთი წლის შემდეგ ჩანდა, რომ ისინი დალაგდნენ.

