მინეაპოლისში უსაფრთხოების ოფიცერმა ვენესუელელ მიგრანტს ცეცხლი გაუხსნა და ფეხის არეში დაჭრა. შემთხვევა ადგილობრივი დროით, 19:00 საათისთვის მოხდა. გავრცელებული ცნობით, ოფიცერმა ავტომობილით მოძრავ პირს, შემოწმების მიზნით მანქანის გაჩერება მოსთხოვა, თუმცა მძღოლი მოთხოვნას არ დაემორჩილა და ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. შემდეგ კი, ტერიტორიის დატოვებას ქვეითად შეეცადა, ოფიცერი მის დაკავებას ცდილობდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ვენესუელელი მიგრანტის დახმარებას ორი უცნობი პირი შეეცადა, რომლებიც თოვლის საწმენდი ნიჩბითა და ცოცხის ტარით ოფიცერს თავს დაესხნენ. როგორც შინაგან საქმეთა დეპარტამენტში განმარტავენ, შედეგად, არალეგალმა მიგრანტმა თავი დააღწია ოფიცერს და თავს დაესხა მას, რის გამოც, ოფიცერმა თავდაცვის მიზნით ცეცხლი გაუხსნა არალეგალ მიგრანტს და დაჭრა.
ამჟამად, მიგრანტიც და ოფიცერიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ორი უცნობი პირი კი, რომლებიც მიგრანტის დახმარებას ოფიცერზე თავდასხმით ცდილობდნენ, დაკავებულია.
ინციდენტმა კიდევ უფრო გაამწვავა ადგილზე არსებული ვითარება, რასაც საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოყვა, მათ დასაშლელად ფედერალურმა აგენტებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

