პრეზიდენტ ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ირანის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმა ნაკლებად გამოიწვევდა მთავრობის დამხობას და შესაძლოა უფრო ფართო კონფლიქტი გამოეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თქმით, ამ ეტაპზე დააკვირდებიან, როგორ მოექცევა თეირანი მომიტინგეებს, ვიდრე პოტენციური თავდასხმის მასშტაბებს განსაზღვრავენ.
ოფიციალური პირების განცხადებით, მრჩევლებმა ტრამპს განუმარტეს, რომ აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში მეტი სამხედრო ძალა დასჭირდება როგორც მასშტაბური დარტყმის განსახორციელებლად, ასევე რეგიონში მყოფი ამერიკული ძალებისა და მოკავშირეების დასაცავად, იმ შემთხვევაში, თუ ირანი საპასუხო იერიშს მიიტანს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა და ახლო აღმოსავლეთში პარტნიორებმა თეთრ სახლს განუცხადეს, რომ მასშტაბური დაბომბვის კამპანიის შედეგად რეჟიმის დამხობა ნაკლებად სავარაუდო იყო და ამას, შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბური კონფლიქტი გამოეწვია.
ამავდროულად, ოფიციალური პირების თქმით, შედარებით მცირე შეტევითმა ოპერაციებმა, შესაძლოა, გააძლიეროს მომიტინგეების საბრძოლო სულისკვეთება, თუმცა საბოლოო ჯამში ვერ შეცვლის რეჟიმის რეპრესიულ პოლიტიკას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.
ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა ზომებს მიმართავდა, არ მიუღია, თუმცა მოითხოვა სამხედრო რესურსების მზადყოფნაში მოყვანა იმ შემთხვევისთვის, თუ ის მასშტაბური თავდასხმის ბრძანებას გასცემდა.

