აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მინესოტის შტატის ოფიციალური პირების, მათ შორის გუბერნატორ ტიმ უოლცისა და ქალაქ მინეაპოლისის მერის ჯეიკობ ფრეის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საქმე ეხება შეთქმულებას საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებისთვის ხელის შეშლის მიზნით.
როგორც ანონიმური წყარო სააგენტოს უყვება, უოლცისა და ფრეისთვის სასამართლოში გამოცხადების შესახებ უწყისი უკვე დაბეჭდილია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩაბარდა თუ არა მათ აღნიშნული დოკუმენტი.
უოლცისა და ფრეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზად ჩინოვნიკების მიერ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) თანამშრომლების შესახებ გაკეთებული განცხადებები გახდა, რომლებიც მინეაპოლისში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების საფუძველზე იმყოფებიან და უკანონო მიგრანტებს აკავებენ.
გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა უოლცი, რომელმაც აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების ფედერალური სისტემა ტრამპის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაშინებისთვის გამოიყენება.
