ისრაელში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ეს იქნება პირველი არჩევნები 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმამ ქვეყანა შეძრა და ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლებაში დარჩენის საკითხი კენჭისყრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგაა. მისმა ცენტრისტმა მეტოქეებმა ქვეყნის პოლიტიკაში ახალი ეტაპის დაწყების პირობა დადეს, თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგების გარკვევას შესაძლოა დრო დასჭირდეს, წერს სააგენტო.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 22:00 საათზე დაიხურება. კენჭისყრის დასრულების შემდეგ ისრაელის ტელეარხები ეგზიტპოლების შედეგებს გამოაქვეყნებენ, რაც არჩევნების შედეგების პირველადი სურათის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ამის შემდეგ ხმების დათვლა დაიწყება.
ისრაელის პარლამენტი, ქნესეთი 120 წევრისგან შედგება. საპარლამენტო არჩევნები, წესით, ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა გაიმართოს, თუმცა ისრაელში ვადამდელი არჩევნები ხშირად ტარდება.
საპარლამენტო მანდატები პარტიებს პროპორციული სისტემით, ქვეყნის მასშტაბით მიღებული ხმების შესაბამისად უნაწილდებათ. ქნესეთში მოსახვედრად პარტიამ ხმების სულ მცირე 3,25% უნდა მიიღოს.
როგორც Reuters-ი წერს, არჩევნებში მონაწილე დაახლოებით ათეულ პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური შანსი აქვს, ამიტომ ხმების საბოლოო დათვლასა და მანდატების განაწილებას შესაძლოა დრო დასჭირდეს.
ხმების საბოლოო დათვლა, არსებული პროგნოზით, 30 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს, ხოლო არჩევნების ოფიციალური შედეგები 4 ნოემბერს გამოქვეყნდება.
შედეგების შეჯამების შემდეგ ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი პარტიების ლიდერებს შეხვდება და მათგან მოისმენს, ვის კანდიდატურას უჭერენ მხარს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. შემდეგ პრეზიდენტი მთავრობის ფორმირებას იმ კანდიდატს მიანდობს, რომელსაც, მისი შეფასებით, მთავრობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი შანსი აქვს.
კანდიდატს მთავრობის შესაქმნელად მაქსიმუმ 42 დღე ექნება.
ისრაელში არცერთ პარტიას ქნესეთში აბსოლუტური უმრავლესობა არ მოუპოვებია, ამიტომ მთავრობები, როგორც წესი, რამდენიმე პარტიის კოალიციით იქმნება. კოალიციური მოლაპარაკებები ხშირად კვირების განმავლობაში გრძელდება, რის გამოც თითოეულ საპარლამენტო მანდატს მნიშვნელოვანი ფასი აქვს. მცირე პარტიებსაც შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ და მთავრობის ფორმირების საკითხი განსაზღვრონ.
