მაია სანდუ არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია უტიფრად განაცხადოს, რომ საკუთარ ქვეყანას გააუქმებდა და მას რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. ყველასთვის კარგად მისახვედრია რა იდეოლოგიურ ორბიტაზე მდებარეობს და მისი მხრიდან ნამდვილად ვერ მივიღებთ კრიტიკას და ეს კრიტიკა არც არის ლეგიტიმური, – ასე აფასებს „დღის ქრონიკაში“ ნინო წილოსანი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ „მაია სანდუ კარგად გაშიფრული აქტორია, რომელიც არ ტოვებდა არცერთ მომენტს, რომ საქართველო არ გაეკრიტიკებინა“.
„ეს იყო ადამიანი, რომელმაც 4 ოქტომბერს მხარდაჭერა გამოუცხადა ადამიანებს, ვინც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდა. რას უკავშირდება მაია სანდუს ყოველი განცხადება საქართველოსთან მიმართებით, ადვილი მისახვედრია. ასევე ადვილი მისახვედრია, რომელ პოლიტიკურ ბანაკშია ის.
ზოგადად, საქართველოსთან მიმართებაში ამ განცხადებების გააქტიურება, დიდი ალბათობით მაფიქრებინებს, რომ არა მხოლოდ ჩრდილოვანი და ფარული პოლიტიკური ძალების მხრიდან გააქტიურებულ პოლიტიკოსებს უკავშირდება, არამედ ის პრობლემები, რაც ევროკავშირის თავს არის, ალბათ ამ ყველაფრის ნაწილობრივ გადასაფარადაც გამოიყენება.
ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პოლიტიკოსები და აქტორები საქართველოსთან დაკავშირებულ ცრუ დეზინფორმაციას საკუთარი ამომრჩევლის დასაშინებლადაც იყენებენ. ამ აბსურდული ნარატივებით ცდილობენ საკუთარი პრობლემებიდან გადაიტანონ აქცენტი და ეს აქცენტი ხშირად საქართველოზე გადმოდის, რადგან საქართველო მათი მხრიდან არასდროს არის მოკლებული იმ ნეგატიურ ყურადღებას, რომელსაც ისინი საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

