საქართველომ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ევროობლიგაციების გამოშვება, ეს იყო ძალიან წარმატებული გამოშვება ყველა შეფასებით, როცა კუპონის საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა 5.125 პროცენტის ოდენობით, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ინვესტორების თვალში საქართველოს რისკის დონე 25%-ით შემცირდა, რაც ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირდება.
„ყველაზე დაბალი პროცენტი ნიშნავს ყველაზე დაბალ რისკს მსგავსი კატეგორიის საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის. ამ მიმართულებით დაფიქსირდა, რომ ბოლო 4 წელში ქვეყანას მნიშვნელოვნად შეუმცირდა რისკები და ჩვენ მოვახერხეთ, რომ დაახლოებით 50 საბაზისო პუნქტზე უფრო მეტად არის შემცირებული ინვესტორების თვალში საქართველოს რისკიანობა. ეს არის 25%-ზე მეტი შემცირება, რაც უკავშირდება იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ფისკალური და მონეტარული მიმართულებით“, – განაცხადა ხუციშვილმა.
