აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთი დათანხმდა, აღარ შეიძინოს რუსული ნავთობი.
„დიდი პატივი იყო დღეს დილით ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან საუბარი. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თავისი ქვეყნის ძლიერი და პატივსაცემი ლიდერია. ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ვაჭრობაზე და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. ის დათანხმდა, შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა და გაცილებით მეტი შეიძინოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და, შესაძლოა, ვენესუელიდან. ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას, რომელსაც ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი ეწირება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„პრემიერ-მინისტრ მოდისადმი მეგობრობისა და პატივისცემის ნიშნად, ასევე მისი თხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ შევთანხმდით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინდოეთს შორის სავაჭრო გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც აშშ შეამცირებს საპასუხო ტარიფს და მას 25%-დან 18%-მდე ჩამოსწევს. ისინი, თავის მხრივ, დაიწყებენ მუშაობას აშშ-ის წინააღმდეგ არსებული ტარიფებისა და არატარიფული ბარიერების ნულამდე დასაყვანად. პრემიერ-მინისტრმა ასევე აიღო ვალდებულება, რომ ბევრად უფრო მაღალ დონეზე „იყიდოს ამერიკული“, რაც დამატებით გულისხმობს 500 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აშშ-ის ენერგორესურსების, ტექნოლოგიების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ნახშირისა და მრავალი სხვა პროდუქტის შესყიდვას. ჩვენი საოცარი ურთიერთობა ინდოეთთან მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრი მოდი და მე ვართ ორი ადამიანი, ვინც საქმეს აკეთებს, რისი თქმაც უმეტესობაზე შეუძლებელია“, – დასძინა მან.
