უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების დაბომბვას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვი აგრძელებს თავდასხმებს, მიუხედავად მოლაპარაკებებისა.
უკრაინის პირველი დიპლომატის განცხადებით, ღამით რუსეთმა უკრაინას 450 უპილოტო საფრენი აპარატითა და 60-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტით შეუტია. თავდასხმის დროს რუსეთმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტებიც.
„პუტინი ყინვების გაძლიერებას ელოდებოდა, დააგროვა დრონები და რაკეტები და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდური დარტყმების განხორციელებას შეუდგა. არც აბუ-დაბიში მიმდინარე კვირას მოლაპარაკებების მოსალოდნელმა შედეგმა, არც მის მიერ აშშ-თვის მიცემულმა პირობამ ის ყველაზე სუსხიან ზამთარში რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისგან არ შეაკავეს. საქმე გვაქვს ტერორისტებთან, რომლებიც უნდა ვაიძულოთ, რომ გაჩერდნენ“, – დაწერა სიბიგამ.
მან პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„გააძლიერეთ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა და ენერგეტიკის მდგრადობა. გააძლიერეთ ზეწოლა მოსკოვზე. წაართვით რუსეთის სამხედრო მანქანას ენერგორესურსების გაყიდვით მიღებული შემოსავლები და ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა. რუსული რეჟიმი იზოლაციაში მოაქციეთ. შეაჩერეთ და ჩამოართვით არალეგალური რუსული ტანკერების“, – დასძინა სიბიგამ.
