გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დუბაიში დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ.
როგორც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, თავდამსხმელი დუბაიში დააკავეს, ერთ-ერთი თანამომაწილე მოსკოვში, ხოლო კიდევ ერთი, მათი თქმით, ამჟამად უკრაინაშია.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორების დახმარებით, დუბაიში დააკავეს და რუსულ მხარეს გადასცეს რუსეთის მოქალაქე, ლიუბომირ კორბა, რომელიც დანაშაულის უშუალო შემსრულებელი იყო“, – აღნიშნულია რუსეთის საგმოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კორბა უკრაინის დაზვერვის სამსახურების მითითებების შესაბამისად მოქმედებდა და 2025 წლის დეკემბერში, მოსკოვში, ტერორისტული თავდასხმისთვის ჩავიდა, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში კი ქვეყანა დატოვა.
მოსკოვორეცკის სასამართლომ კორბას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობაში.
დიმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინი სიტუაციის შესახებ მუდმივად იღებს ინფორმაციას. გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმა მოსკოვში 6 თებერვალს განხორციელდა.
უცნობმა პირმა სამხედრო მაღალჩინოსანს საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა. ვლადიმერ ალექსეევი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეა.
