უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მხარს უჭერს უკრაინელი კაცების საზღვარზე არალეგალურ გადაყვანას, რადგან, მისი აზრით, უკრაინაში მობილიზაცია ხელს უშლის რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულებას. შესაბამისი განცხადება უნგრელმა მინისტრმა საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
ამ განცხადებების კონტექსტში სიიარტომ ახსენა უკრაინაში უნგრეთის მოქალაქის დაკავება, რომელიც 5 უკრაინელ კაცს უნგრეთში გაქცევაში ეხმარებოდა.
„ეს შემთხვევა ასევე ნათლად აჩვენებს: ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს, ძალადობრივი გაწვევა კი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, – წერს უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
თავის პოსტში მან ასევე ახსენა მრავალი უკრაინელი კაცი, რომლებიც, მისი სიტყვებით, „სასოწარკვეთილად ცდილობენ უკრაინიდან გაქცევას, რათა თავი აარიდონ გაწვევას, ფრონტზე გაგზავნას და შესაძლო სიკვდილს“. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური დამრღვევების დასაკავებლად „ყველა საშუალებას იყენებს“.
