ორშაბათის მონაცემებით, ნიუ-იორკში ძლიერი ყინვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, – განაცხადა ქალაქის მერმა, ზოჰრან მამდანიმ.
ძლიერი თოვლის შემდეგ რეგიონი ყინვამ მოიცვა. მამდანიმ აღნიშნა, რომ ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილში უფრო დაბალი ტემპერატურა იყო, ვიდრე ნიუ-იორკში.
„თითოეული დაკარგული სიცოცხლე ტრაგედიაა და ჩვენ კვლავაც ფიქრებით მათ ოჯახებთან ვართ“, – განაცხადა მან.
მან კვლავ მოუწოდა უსახლკაროებს, მიმართონ თავშესაფრებს. მამდანის თქმით, თავშესაფრებსა და უსაფრთხო ადგილებში უკვე 1 400 ადამიანი განათავსეს.
გარდა ამისა, უსაფრთხოების მიზნით, 33 ნიუ-იორკელი იძულების წესით გადაიყვანეს შესაბამის დაწესებულებებში.
„სანამ ტემპერატურა არ მოიმატებს, ყველას, ვინც ამ დარბაზში ხართ თუ მის გარეთ, გთხოვთ, კვლავაც დაიცვათ უსაფრთხოების დამატებითი ზომები. იყავით ფრთხილად, დარჩით შენობებში და გთხოვთ, განვაგრძოთ ერთმანეთზე ზრუნვა“, – დასძინა მერმა.
