კონსერვატორმა ჟურნალისტმა, ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ ის და მისი თანამშრომლები ისრაელში აშშ-ის ელჩთან ინტერვიუს შემდეგ დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, კარლსონი აცხადებს, რომ გასაუბრებიდან მალევე ისრაელის წარმომადგენლებმა მას პასპორტი ჩამოართვეს და ერთ-ერთი კოლეგა დაკითხვის ოთახში გადაიყვანეს.
„კაცებმა, რომლებმაც თავი აეროპორტის დაცვის თანამშრომლებად წარმოადგინეს, პასპორტები წაგვართვეს, ჩვენი აღმასრულებელი პროდიუსერი გვერდით ოთახში შეიყვანეს და შემდეგ მოითხოვეს, გაეგოთ, რაზე ვესაუბრეთ ელჩ ჰაკაბის. ეს უცნაური იყო. ახლა ჩვენ ქვეყნიდან ვართ გასული“, – აღნიშნა ტაკერ კარლოსმა.
საკითხთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ „დეილი მეილს“ განუცხადა, რომ ისრაელის მთავრობას თავდაპირველად არ სურდა კარლსონის ქვეყანაში შეშვება, რამაც სახელმწიფო დეპარტამენტთან დელიკატური მოლაპარაკებები გამოიწვია.
საბოლოოდ ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა, კარლსონისთვის ქვეყანაში შესვლა არ შეეზღუდა, რათა თავიდან აეცილებინა „დიპლომატიური ინციდენტი“.
ისრაელში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა უარყო კარლსონის დაკავების ფაქტი და განაცხადა, რომ მას „იგივე კითხვები დაუსვეს საპასპორტო კონტროლის დროს, რასაც ისრაელში ჩასულ უამრავ ვიზიტორს, მათ შორის ელჩ ჰაკაბისა და სხვა დიპლომატებს ისრაელში ჩვეულებრივი შესვლისა და გასვლის ფარგლებში უსვამენ“.
