ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად თავისი დაავადების ფაზისა ან სიმძიმისა შეეძლება ამ პროექტში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაერთოს, – ამის შესახებ დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„10 ივნისიდან ვაუქმებთ პაციენტის ჩართულობის კრიტერიუმს. მოგეხსენებათ, ეს კრიტერიუმი იყო მხოლოდ ყველაზე მძიმე კლინიკური მდგომარეობა. 10 ივნისიდან ეს კრიტერიუმი აღარ იარსებებს. ნებისმიერ პაციენტს, მიუხედავად თავისი დაავადების ფაზისა ან სიმძიმისა შეეძლება ამ პროექტში ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაერთოს. ამასთან, მეორე მნიშვნელოვანი სიახლის თანახმად, თუკი აქამდე პაციენტს განაცხადის შეტანიდან მკურნალობის დაწყებამდე საშუალოდ ორი თვე სჭირდებოდა, ჩვენ ამ პროცესს ორი კვირის ფარგლებში ვამცირებთ. კიდევ ერთი პოზიტიური სიახლეა ის, რომ თუკი არსებული კონტრაქტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებდა მხოლოდ 5 000 ყველაზე მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტის მკურნალობას და შემდგომ 20 000 პაციენტის მკურალობას, ეს პროცესი უკვე შეიცვალა. 5001-ე პაციენტმა ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში მიიღო მკურნალობა. დღეის მდგომარეობით, პროგრამაში 9 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული, ანუ რეალურად მეორე ფაზა უკვე ნოემბერში დაიწყო“, – განაცხადა სერგეენკომ.