საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება და სანაცვლოდ, ავტომობილის შემოყვანის აქციზი კონკრეტული თანხით, ანუ ერთ კუბზე 4,5 ლარით განისაზღვრება.
დეპუტატი პრემიერ-მინისტრს კომპრომისული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის.
„გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას გულისხმობდა. სანაცვლოდ მსგავს ავტომანქანებზე განბაჟების თანხა გაიზრდება.
მადლობა პრემიერ-მინისტრს კომპრომისული გადაწყვეტილებისთვის. სრულ აკრძალვას არჩევანი ყოველთვის ჯობია, რადგან შესაძლებლობის სივრცეს ტოვებს და ავტოპარკის განახლების პერსპექტივასაც ინარჩუნებს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
