უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის დედაქალაქებში ვიზიტისას იმედგაცრუება იგრძნო, რადგან მის ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთის ომის გამო მეორე პლანზე გადადის, – წერს The Sunday Times-ი.
„კიევი და სხვა ქალაქები ყოველდღიურად ხდება რუსული მომაკვდინებელი რაკეტების სამიზნე, ათასობით ადამიანი იღუპება ბრძოლის ველზე, ხოლო სამშვიდობო მოლაპარაკებები, როგორც ჩანს, კვლავ ჩიხშია შესული. თუმცა მსოფლიოს ყურადღება სხვა მოვლენებზე გადაერთო“, – აღნიშნავს გამოცემა. ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასაგებია, რატომაცაა ახლო აღმოსავლეთი ყურადღების ცენტრში, „ჩვენთვის ეს კარგი არ არის“.
ამავდროულად, რუსეთმა მოულოდნელი ეკონომიკური სარგებელი მიიღო პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ხანგრძლივი საუბრის შემდეგ. მაშინ, როცა ნავთობის ფასები იზრდებოდა, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ დროებით ასუსტებს სანქციებს რუსულ ექსპორტზე, რაც „მოულოდნელი საჩუქარი გახდა მოსკოვის შერყეული სამხედრო მანქანისთვის“, – დასძენს გამოცემა.
ევროპელი ლიდერები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკის განადგურებას ცდილობდნენ, აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას ნეგატიურად შეხვდნენ. იმ დროს, როდესაც კიევი მუდმივ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ითხოვს, რუსეთი დამატებით შემოსავლებს სწორედ იმ რესურსებიდან იღებს, რომელთა შეზღუდვასაც დასავლეთი ცდილობდა. ამიტომ, ახლა პუტინს აქვს დამატებითი სახსრები, რომლებსაც ომზე დახარჯავს.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ სანქციების გაუქმება რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს და მოსკოვი მხოლოდ აშშ-ის მხრიდან ამ შემსუბუქების გამო დაახლოებით 10 მილიარდი დოლარს მიიღებს, რაც ხელს არ შეუწყობს მშვიდობას.
The Sunday Times-ი ასევე აღნიშნავს, რომ სულ უფრო აშკარა ხდება კავშირები რუსეთსა და ირანს შორის.
„ტრამპმაც კი აღიარა, რომ მოსკოვი, შესაძლოა, „ცოტათი“ დაეხმარა ირანს. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ტრამპის კრემლთან მიდგომის რისკებს. რა თქმა უნდა, ამერიკის ნებისმიერ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა რუსეთთან და ამ ამოცანის ნაწილი უკრაინაში ომის სამართლიანი დასრულების გზების ძიება უნდა იყოს“, – აღნიშნავს გამოცემა.
ამრიგად, როგორც ჟურნალისტებმა შეაჯამეს, პუტინი რჩება დესტაბილიზაციის ფაქტორად, რომელიც ოსტატურად იყენებს საერთაშორისო ვითარებას. სანამ უკრაინა ითხოვს მხარდაჭერას, რომელიც მას ასე სჭირდება, რუსეთი იღებს ფინანსურ, სტრატეგიულ და დიპლომატიურ სარგებელს.
„აზრი იმის შესახებ, რომ პუტინი აძლიერებს თავის პოზიციებს ირანში კრიმინალური რეჟიმის დახმარებით, მაშინ როცა უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის, აღშფოთებას იწვევს და, სამწუხაროდ, არც არის გასაკვირი“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.
