„ხალხის ძალის“ წვერი, თამთა მეგრელიშვილი, ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც „მოსკოვის მექანიზმის“ კრიტიკული ანგარიშის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე შეკვეთილში დაიბარა.
თამთა მეგრელიშვილის განცხადებით, „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიში არის დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რომ ქართული სახელმწიფო ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ისჯება.
მისივე თქმით, ნინო ჯანგირაშვილის „რანგის“ პიროვნებას საეჭვოა რაიმე სარწმუნო ინფორმაცია ჰქონდეს და მას ურჩევს, რომ შეეშვას ჭორების გავრცელებას.
“გულწრფელად მიკვირს ოპოზიციის დადებითი პოლიტიკური ეიფორია ,,მოსკოვის მექანიზმის“ მიმართ რადგან, სინამდვილეში მომზადებული დასკვნა, არ აზიანებს მმართველ გუნდს, პირიქით, ეს დოკუმენტი დასტურია იმისა, რომ გარე და შიდა აქტორების სამიზნეა ყველა ის ღირებულება რასაც ქართველი ხალხი და მათ მიერ მმართველობაზე ლეგიტიმაცია გაცემული ,,ქართული ოცნება” იცავს.
ანგარიში არის თეთრზე შავით დოკუმენტი რომლითაც საქართველო ისჯება იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავს.
ამ ფონზე ოპოზიციის ,,გამოსული” თუ “გამოუსვლელი” სახეები მათივე ჩატის ნარატივს აჰყვნენ და ვერ ხვდებიან, რომ ამ საკითხზე განცხადებები, განცხადებებისათვის, მათთვის ძალიან დამაზიანებელია.
ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც არც ,,გამოსულებისა” და არც ,,გამოუსვლელების” ჩამონათვალშია
საჯაროდ ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია – ივანიშვილმა კობახიძე სად, რა ვითარებაში დაიბარა და როგორ დატუქსა.
ნინო ჯანგირაშვილის ,,რანგის” პირობებში დარწმუნებული ვარ თქვენც ჩემსავით გეპარებათ ეჭვი, რომ მას რაიმე ინფორმაცია აქვს და თან ეს ინფორმაცია სარწმუნოა, ამიტომ მხოლოდ ერთს ვურჩევ – ქალბატონო ნინო, შეეშვით ასეთი ჭორების გავრცელებას, რადგან ჭორებს შორის ჭორის გავრცელებასაც, თან ასეთ ხალხზე, თქვენი მხრიდან გარკვეული წონა უნდა“,- წერს თამთა მეგრელიშვილი.


