სოფლის მეურნეობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალაა; ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ზუსტი ანალიტიკის მნიშვნელობას სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვაში და „გალტ ენდ თაგარტს“ მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნისათვის, რაც სექტორში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებს ასახავს.
„ეს ინსტრუმენტი, პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, გვაძლევს ნათელ სურათს, სად გვაქვს პროგრესი და სად გვჭირდება მეტი მუშაობა. 2025 წელს ჩვენი კვების პროდუქტების ბაზარმა 21.5 მილიარდ ლარს მიაღწია. 2019 წლის შემდეგ ეს მოცულობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო არსებული ტენდენციით 2030 წლისთვის 30-მილიარდიან ბაზარს ველოდებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მზარდ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით ვუპასუხოთ. დღეს ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მიმართულებებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე. მთავარ გამოწვევად რჩება მიწების ფრაგმენტაცია, ტექნოლოგიების სიმწირე და დაბალი პროდუქტიულობა. ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე სახელმწიფო ბიზნესის მთავარი პარტნიორია.
აგროკრედიტების სუბსიდირების პროგრამამ უკვე გამოიღო ხელშესახები შედეგი – 2018 წლის შემდეგ სექტორის მთლიანი გამოშვება თითქმის გაორმაგდა, თუმცა წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ცალკე უნდა გამოვყოთ ექსპორტის მიმართულება. დღეს საგარეო გაყიდვები 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მნიშვნელოვანი ციფრია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ექსპორტი ძირითადად რამდენიმე პროდუქტს ეყრდნობა. სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება და ახალ, მაღალმხარჯველუნარიან საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრება. ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი სტაბილურობის და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.















