საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს, ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა ნაბიჯებია გადასადგმელი , რომ საქართველოსთან ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ ღირსეულ ჩარჩოს, რომელშიც ის უნდა ვითარდებოდეს.
„უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს დემოკრატიას, ანუ ხალხის მმართველობას. ქართველი ხალხისთვის პოლიტიკური ნების გარედან თავს მოხვევა, ან მის ნაცვლად საკუთარ გემოვნებას მორგებული სუროგატი „ქართველი ხალხის“ შექმნის მცდელობა, დემოკრატიის უხეში უარყოფაა. მისი დღევანდელი პოლიტიკით, ბრიუსელი ქართული დემოკრატიის შემაფერხებელია და არა ხელშემწყობი.
მეორე, ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას. ბრიუსელი საკმარისზე მეტად დამარცხდა საერთაშორისო სასამართლოებში ქართულ მართლმსაჯულებასთან, იმისთვის, რომ დღეს კვლავ ქედმაღლურად ეჭვქვეშ აყენებდეს მის გადაწყვეტილებებს. დამარცხდა სტრასბურგში სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, ახალაიას, რუსთავი 2-ის საქმეებში; დამარცხდა პარიზის და ვაშინგტონის არბიტრაჟებში ხაზარაძის საქმეში. ყველა იმ საქმეში, რომელსაც წლების განმავლობაში პოლიტიკურ დევნად წარმოაჩენდნენ, საბოლოოდ სამართალმა სხვა რამ თქვა. ამის შემდეგაც იგივე ბრალდებების გამეორება უკვე სამართლის უზენაესობის დაცვა კი არა, უბრალოდ პოლიტიკური პროპაგანდაა. ამიტომ, ბრიუსელმა საბოლოოდ და მკაფიოდ უნდა დაადასტუროს მისი ერთგულება სამართლის უზენაესობის მიმართ და გაემიჯნოს ძალადობასა და პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს, როგორც პოლიტიკის წარმოების ინსტრუმენტს.
დაბოლოს, უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია და ანტიქართული რიტორიკა. პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც სიმართლის ნაცვლად პოლიტიკური ნარატივები დომინირებს.
თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია, პატივი სცეს ქართველ ხალხს, პატივი სცეს მის დემოკრატიულ არჩევანს და პატივი სცეს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპული ღირებულებები ჰქვია. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
