საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მთელი ცხოვრება ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს მიუძღვნა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი წერს.
როგორც სოზარ სუბარი წერს, 49 წლის განმავლობაში იყო ილია მეორე ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.
„უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი შენს სულს, უწმინდესო და უნეტარესო. 49 წლის განმავლობაში იყო ილია მეორე ჩვენი ერის სულიერი მამა და მწყემსმთავარი, ქართული ეკლესიის სრული ავტოკეფალიის აღმდგენი და ამღორძინებელი, უსაზღვრო ქრისტესმიერი სიყვარულისა და დათმენის მაგალითი და ეროვნული ერთიანობის სიმბოლო.
უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, ეკლესიასა და ქართველ ხალხს, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში შეძლო ქართველების დაბრუნება რწმენაში და ერის გაერთიანება ეკლესიის გარშემო, შექმნა ეპოქა, რომელიც გრძელდება მისი მარადისობაში გადასვლის შემდეგაც და არასდროს დასრულდება, სანამ ქართველი ერი იარსებებს.
მთელი ცხოვრება ილოცა და იღვაწა პატრიარქმა თითოეული ჩვენგანის სულის გადასარჩენად და საქართველოს ქრისტეს გზაზე დასაბრუნებლად. დღეს, როცა ჩვენი პატრიარქი მარადისობაში გადავიდა, ჩვენი ჯერია, სრულიად საქართველომ ერთად ვილოცოთ მისი სულისთვის. უფალმა ჩაიბაროს მისი წმინდა სული და დაამკვიდროს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მშვიდობით განისვენეთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენი ლოცვა არ მოჰკლებოდეს საქართველოს“, – წერს სოზარ სუბარი.
