სერბეთის პატრიარქმა პორფირემ ბელგრადში, საპატრიარქო რეზიდენციის სამლოცველოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.
ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო საპატრიარქო კანცელარიის ხელმძღვანელმა.
ლოცვის შემდეგ პატრიარქმა პორფირემ სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, ბერმონაზვნობასა და მთელ ქართველ მრევლს.
მიმართვაში სერბეთის პატრიარქმა ილია მეორე საყვარელ ძმად, ქართველი ხალხის დაუვიწყარ მამად და მთავარეპისკოპოსად მოიხსენია.
სერბეთის პატრიარქმა ისაუბრა ილია მეორის სულიერ მემკვიდრეობაზეც და აღნიშნა, რომ მისმა ცხოვრებამ წარუშლელი კვალი დატოვა არა მხოლოდ სამწყსოში, არამედ მთელ მართლმადიდებელ სამყაროში.
ამასთან, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ აღნიშნა, რომ ილია მეორეს დიდი როლი მიუძღვის რწმენის განმტკიცებაში, ტრადიციის დაცვასა და ქართველი ხალხის სულიერი იდენტობის შენარჩუნებაში.
