ომანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბადრ ალბუსაიდის განცხადებით, ირანში ომი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყველაზე დიდი შეცდომაა.
ომანის მთავარი დიპლომატი, რომელიც ომამდე ირანსა და აშშ-ს შორის წარმოებული მოლაპარაკებების დროს შუამავალი იყო, მოუწოდებს ამერიკელ პარტნიორებს ჩაერიონ და დაასრულონ „უკანონო ომი“.
როგორც ალბუსაიდი იუწყება, ომმა დიდი ნეგატიური გავლენა მოახდინა სპარსეთის ყურის რეგიონისა და მსოფლიო ეკონომიკაზე.
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი აგრეთვე დასძენს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის ომანი, ათწლეულების განმავლობაში ამერიკულ იარაღს ყიდულობდნენ და თავის ქვეყნებში ამერიკულ ბაზებს ხსნიდნენ, რათა ირანის მხრიდან პოტენციური თავდასხმა თავიდან აერიდებინათ.
მშვიდობა და შედარებითი კეთილდღეობა, რომელიც სუფევდა მათ ქვეყნებში, ახლა საფრთხის ქვეშაა, რადგან აშშ-მა „საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე კონტროლი დაკარგა“, – აღნიშნავს ალბუსაიდი.
„ამერიკელი მეგობრებისთვის მაქვს შემდეგი კითხვა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, რათა ზესახელმწიფო ამ არასასურველი კონფლიქტიდან გამოვიყვანოთ? პირველ ყოვლისა, ამერიკელმა მეგობრებმა უნდა თქვან სიმართლე. დაიწყონ იმ ფაქტით, რომ ამ ომში მონაწილეობს ორი მხარე, ვერცერთი გაიმარჯვებს, ხოლო როგორც ირანის, ისე ამერიკის ეროვნულ ინტერესებს ომის სწრაფი დასრულება წარმოადგენს“, – თქვა ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
