აფხაზ სასულიერო პირთან შეხვედრა და ამ შეხვედრის შედეგად მიღებული ემოციები გაუზიარა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. განსაკუთრებული რუდუნებით კი, ის ფაქტი გამოყო, რომ ამ ადამიანმა, ჯერ აგრესიულად დაიწყო მასთან საუბარი და ცოტა ხნის შემდეგ ქართულად მიმართა. დავით ქართველიშვილის თქმით, მისი მხრიდან ქართულ ენაზე მიღებული დალოცვა იმ სიყვარულის გამოვლინება იყო, რომელიც საქართველოს პატრიარქმა აფხაზეთში მსახურებისას გაიღო.
„ზუსტად ნახევარი წლის წინ, საზღვარგარეთ ყოფნისას, ერთ-ერთ საჯარო სივრცეში, სილუეტით ვიცანი ჩემთვის ინტერნეტ-სივრციდან ნაცნობი ფიგურა. ეს იყო აფხაზეთის დე-ფაქტო ეკლესიის სასულიერო პირი – არა ერთ-ერთი, არამედ ერთი ყველაზე რეაქციული, აგრესიული და ყველაზე ანტი-ქართული პირი. მივედი მასთან და მისთვის გასაგებ ენაზე, რუსულად მივმართე – „დამლოცე მამაო“. დამლოცა, გაუკვირდა და მითხრა, შენ რუსს არ გავხარო. ვუპასუხე, რომ ქართველი ვიყავი. მან სახის ფერი ოდნავ დაკარგა და მითხრა უსიამოვნო რამ უნდა გითხრა – მე აფხაზი ვარო. ვუპასუხე, რომ ვიცნობდი ინტერნეტიდან. მაშინვე მითხრა ქართველი ნაციონალისტი ხარო და საუბრის დასაწყისიც დაძაბული აღმოჩნდა. ზუსტად 15 წუთი დამჭირდა, რომ ადამიანურ-სახარებისეულ ენაზე გადავსულიყავით მე და ის და ბოლოს სიტყვა სიტყვით ეს ფრაზა მითხრა – საოცარი ადამიანი ხარო.
საუბრის შემდეგ თავისი და გამაცნო, ულამაზესი აფხაზი ქალბატონი, რომელიც შეყვარებულია თბილისზე და აღმოჩნდა, რომ თურმე ჩემმა მეუღლემ ოპერაცია გაუკეთა მის უახლოეს დაქალს. მან ჩემი მეუღლის სოხუმელი პაციენტების სახელით დიდი მადლობა გადამიხადა და ჩვენი საუბარი სულ სხვა სფეროში გადავიდა. ბოლოს დავთანხმდით ფოტოს გადაღებაზე, თუმცა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მთხოვა სოციალურ ქსელებში ფოტოები არ გამომეჩინა. მაგრამ დადგება ამის დროც და მე ამას აუცილებლად გავაკეთებ.
ყველაზე მეტად შოკში ჩამაგდო საუბრის ფინალმა ეს ადამიანი ეთნიკურად აფხაზია, აფხაზური გვარით და წარმომავლობით და ჩემთვის მოულოდნელად, საუბრის ბოლოს მან ქართულად დამიწყო საუბარი, ყოველგვარი აქცენტის და დიალექტის გარეშე. ვუსმენდი და ვტკბებოდი. ბოლოს ხუმრობით ვუთხარი – ასე რა მამაო, ასე დაგეწყო, ახლა ქართულად დამლოცე. მანაც ქართულ ენაზე დამლოცა და ჯვარი გარდამსახა. ჩემთვის ეს იყო მაგალითი იმ სიყვარულისა, რომელიც მიუხედავად პოლიტიკოსების თუ საზოგადოების მიერ დაშვებული შეცდომების, არის გამოძახილი პატრიარქის სიყვარულის, რომელიც მისმა უწმინდესობა ილია მეორემ აფხაზებს დაუტოვა, როდესაც სოხუმის მიტროპოლიტი იყო,“ – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
