უცხოელი პოლიტიკოსებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო ზუსტად ის ჩვენი სულიერი ერთობა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს გვაერთიანებდა, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, უცხოელი პოლიტიკოსებისთვის ასევე ყველაზე დიდი საფრთხე იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ეკლესია, რომელიც დიდი გონიერებით, სიბრძნით და სიყვარულით უძღვებოდა ქართველ ერს.
„ამ დღეებმა გაგვამყარა იმ გადაწყვეტილებების სისწორეში, რომელიც ჩვენ აქამდე მივიღეთ, რომელიც ზუსტად პატრიარქის მოძღვრებიდან და ჩვენი რწმენიდან გამომდინარე მივიღეთ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ეს რომ არ გაგვეკეთებინა ალბათ სრულად მოირღვეოდა ის სოციალური ქსოვილი და ის სულიერი თუ იდეოლოგიური ერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე საქართველოს ხალხს აერთიანებდა.
იმ უცხოელი პოლიტიკოსების თუ ლიდერების დუმილი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ მათთვის არაფერს წარმოადგენს ჩვენი სულიერება, არაფერს წარმოადგენს ჩვენი ფასეულობა და ღირებულება. მათთვის მხოლოდ ერთადერთი ინტერესია, რომ ეს ერი გახლიჩოს, დააკნინოს, დააცალკეოს, დათესოს შუღლი და მხოლოდ მათი დავალებების შემსრულებლად გარდაქმნას.
ჩვენ რომ არ მიგვეღო გამჭვირვალობის კანონი, იმისთვის უნდოდათ, რომ ეფინანსებინათ ენჯეოები რომლებიც საჭიროებისამებრ გამოხტებოდნენ და პატრიარქის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ, ეკლესიის შიგნით შეიტანდნენ არეულობას და ბუნტს და იმ სიბინძურეებს იტყოდნენ ჩვენს ეკლესიაზე, რომელსაც ამ წლების მანძილზე ვადევნებდით თვალს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, უცხოურ ძალას არ უნდოდა საქართველოში მიეღო ოჯახური ღირებულებების კანონი, რადგან ის ფუნდამენტი, რაზეც ქართველი ერი დგას ფეხქვეშ გაეთელათ.
