მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის და მისი ღვაწლისთვის პატივის მიგება. ამ დროს რას გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არ არის, ესენი არიან არასამოქალაქო საზოგადოება და არსებობს რაღაც 300 თუ 400-კაციანი ჯგუფი, რომელსაც უნდა ერქვას შენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს კონკრეტული ძალა გლობალური, რომელსაც ჰყავს თავის აგენტურა სხვადასხვა ქვეყანაში და ეს აგენტურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მუშაობენ ერთნაირი შაბლონებით.
„მთავარი ხაზი არის ის, რომ ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს არც ერთ სახელმწიფოში, არც ერთ ქვეყანაში. ეს არ ეხება მარტო კონფესიებს. მაგალითად მინდა, შეგახსენოთ, რომ მსგავსი კამპანიები წარმოებს მონარქიული დინასტიების და ოჯახების წინააღმდეგ, პირდაპირ პიარკამპანიებით ცდილობენ, მაქსიმალურად დააკნინონ სამეფო ოჯახების ავტორიტეტი. დიდ ბრიტანეთშიც იყო ასეთი კამპანიები, ესპანეთშიც იყო კორუმპირებულად გამოაცხადეს მეფე, რომელსაც გადადგომა მოუწია კორუფციული ბრალდებების გამო. რა ხდებოდა დიდი ბრიტანეთში, სამეფო ოჯახში, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ეს არის მიზანმიმართული კამპანიები და ჩვენს შემთხვევაში ეს მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ეკლესიის ავტორიტეტი ამ შემთხვევაში არის უპრეცედენტო და მათ უნდათ შექმნან საკუთარი ყალბი ავტორიტეტი, რეალური ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს საზოგადოებაში ეს არის მათი მიზანი და ეს რეალური ავტორიტეტები უნდა ჩაანაცვლოს ყალბმა ავტორიტეტებმა, როგორიც არის NGO-ები, მათი ხელდასხმული პოლიტიკოსები და ა.შ. ეს ყველაფერი ყალბი ავტორიტეტებია, ამიტომ თუ გადაავლებთ თვალს იმას, თუ რა ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ყველაზე განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც კი, აბსოლუტურად დაცლილია ავტორიტეტებისგან როგორც პოლიტიკური ცხოვრება და პროცესი, ისე საზოგადოებრივი ცხოვრება. მათ მოიგონეს ასეთი სახელი, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, რაც არის ჩვეულებრივი სიყალბე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება, უნდა არსებობდეს არასამოქალაქო საზოგადოებაც და ეს უკვე როგორც ასეთი, ნონსენსია
„არასამოქალაქო საზოგადოება არის ნონსენსი, ეს სიტყვათწყობა უკვე ნონსენსია, რადგან საზოგადოება და სამოქალაქო ეს პრაქტიკულად სინონიმებია თავისი არსით. ჩვენ რომ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი გამოსული პატრიარქისთვის პატივის მისაგებად, ზუსტად ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში ერთიანად დაირაზმა პატრიარქისთვის, ჩვენი რწმენისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის პატივის მისაგებად და ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. შენ რას გეუბნებიან, რომ ეს მილიონ ნახევარი ადამიანი არაფერი არ არის, რეალურად გლოვის მონაწილე იყო 3 მილიონი ადამიანი, უბრალოდ ვიღაცამ ფიზიკურად ვერ შეძლო იქ მისვლა, ვიღაცა ფიზიკურად ქვეყანაში არ იყო, ვიღაცას სხვა მიზეზი ჰქონდა, ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. რეალურად ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. მთელი ქართული საზოგადოება გაერთიანდა ამ იდეის გარშემო, რასაც ჰქვია პატრიარქისთვის და მისი ღვაწლისთვის პატივის მიგება. ამ დროს რას გეუბნებიან, რომ ეს სამი მილიონი ადამიანი არავინ არ არის, ესენი არიან არასამოქალაქო საზოგადოება და არსებობს რაღაც 300 თუ 400-კაციანი ჯგუფი, რომელსაც უნდა ერქვას შენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი მოვლენა, ამას აკეთებენ ყველგან. მე მახსოვს, კონკრეტული ყოფილი ადმინისტრაციიდან ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება იმაზე, თითქოს NGO-ები საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, პირდაპირ თქვა ეს სიტყვები, რომ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ NGO-ები, რომლებსაც არც დემოკრატიული მანდატი აქვთ, არც არავითარი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში, მაგრამ გარედან გეუბნებიან, რომ ესენი არიან სამოქალაქო საზოგადოება, ის 3 მილიონი ადამიანი არავინ არ არის და 300-მა კაცმა, რომელსაც არც მანდატი აქვს და არც ავტორიტეტი, უნდა განსაზღვროს შენს ქვეყანაში მოვლენების განვითარება. ეს არის სიყალბე. ცდილობენ, შეასუსტონ ნამდვილი ავტორიტეტები და ამის მაგივრად უნდა შეიქმნას ყალბი ავტორიტეტები, რატომ? რისთვის? იმისათვის, რომ გარედან იოლი იყოს ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევა და ქვეყნის მართვა საკუთარი მანკიერი ინტერესების რეალიზებისთვის, რასაც ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
