საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ევროპიდან რუსეთში სამხედრო წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა.
„ევროპა წარმატებით ვაჭრობს რუსეთთან, შეგვიძლია, არაერთი მაგალითი დავასახელოთ. გავრცელდა ინფორმაცია ალუმინის შესახებ, თუ როგორ ხდება რუსეთის სამხედრო მანქანის აღჭურვა იმ ნედლეულით, რომელიც არის აუცილებელი შესაბამისი სამხედრო წარმოებისთვის. ეს ყველაფერი რუსეთში ევროპის კონტინენტიდან მიედინება იმის ფონზე, რომ ევროკავშირი და ზოგადად, ევროპული სახელმწიფოები მოუწოდებენ სხვებს, მაგალითად, პატარა საქართველოს, რომ რუსეთს დაუწესოს სანქცია, იყოს მაქსიმალურად კრიტიკული. ეს არის ის მოცემულობა, რასაც საზოგადოება კარგად აღიქვამს”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
