აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა სხდომაზე განათლების ხელშეწყობისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მიმართულებით დაგეგმილ საკითხებზე იმსჯელეს.
სხდომის დაწყებამდე მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ხსოვნას.
სხდომაზე გიორგი ჯინჭარაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ყოველთვიური 200 და 300-ლარიანი სტიპენდიები დაწესდა.
„მსურს ყურადღება გავამახვილო საკითხზე, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამის განხორციელებას შეეხება და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის წარჩინებული სტუდენტებისთვის ყოველთვიურად 200 და 300-ლარიანი სტიპენდიების გაცემას გულისხმობს.
ამ პროგრამაში შემოსულია 220-ზე მეტი განაცხადი. ჩვენ არ გვქონდა გათვალისწინებული ბიუჯეტი ასეთი რაოდენობის განაცხადების დაფინანსებაზე, თუმცა ჩემი გადაწყვეტილებით უშუალოდ ყველა სტუდენტი იქნება დაფინანსებული. ამისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს მსგავსი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.
აფხაზეთის მთავრობისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება განათლება, ახალგაზრდების მხარდაჭერა და ეს პროგრამაც არის მექანიზმი, რომ დამატებითი სტიმული და მოტივაცია ჰქონდეთ ჩვენ წარმატებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ მეტი დრო დაუთმონ სწავლა-განათლებას“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, წარჩინებული დევნილი სტუდენტების სტიპენდიების პროგრამის თავდაპირველი ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარამდე გაიზარდა და სრულად არის ორიენტირებული დევნილი ახალგაზრდების აკადემიური წარმატების წახალისებასა და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
