დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, საქართველო რჩება ღია ეკონომიკად და მზად არის, გააღრმავოს კავშირები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისა და ახალი შესაძლებლობების მისაღწევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის (BACEE) 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა კონფერენციის მნიშვნელობას საქართველოს საბანკო სექტორისა და ფართო რეგიონული ფინანსური ლანდშაფტის წარმოსაჩენად და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასა და „ქართუ” ბანკს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერის შეფასებით, საბანკო სექტორი ცენტრალურ როლს ასრულებს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და რისკებსა და გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებაში.
„გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რამაც მოლოდინს გადააჭარბა და რითაც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით. 2021-2025 წლებში საქართველომ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 9.3-პროცენტიანი ზრდა აჩვენა. საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერი ნდობა აშკარა იყო წლევანდელი ევროობლიგაციების გამოშვებისას, სადაც საერთაშორისო მოთხოვნამ შეთავაზებას ხუთ-ნახევარჯერ გადააჭარბა. ეს საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ძლიერ ნდობაზე მეტყველებს. ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი – რაც ფინანსური სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს. დღეს საქართველოში განთავსებული ანაბრების უმეტესობა ლარშია. ასე არ იყო 2025 წელს. ამ მიღწევას მჭიდროდ უჭერს მხარს ძლიერი ფინანსური სექტორი, რომელიც ეკონომიკის ხერხემალს წარმოადგენს და უზრუნველყოფს სტაბილურობას და ფინანსებზე წვდომას. დღეს სექტორი 19 ბანკისგან შედგება, მათ შორისაა 3 ციფრული და 2 მიკრო ბანკი. ისინი კაპიტალისა და ლიკვიდურობის მყარ პოზიციებს ინარჩუნებენ; მაღალია აქტივების ხარისხიც, რაც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკური წინსვლა აისახება საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზეც, სადაც წამყვანი ქართული ბანკების აქციებია განთავსებული; ამავდროულად, გამართულად მუშაობენ საშუალო ზომის ბანკებიც, რომლებიც მომხმარებელს ფინანსური მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობენ.
„ქართული ბანკები სტაბილურად ფართოვდებიან რეგიონში და თავიანთ გეოგრაფიულ არეალს აფართოებენ. ეს აძლიერებს რეგიონული დაკავშირებადობის უნარს და სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტად ღრმა ფინანსური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხელშეწყობაში. დღეს ჩვენ მთელი მსოფლიოდან ვხედავთ ინვესტორთა მზარდი ინტერესის მატებას საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ, როგორც ტრადიციული საბანკო საქმიანობის, ასევე ფინანსური მომსახურების მიმწოდებლების ფართო სპექტრის მხრიდან. ამას აძლიერებს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის უწყვეტი ძალისხმევა კონკურენციის ხელშეწყობის, ინოვაციების წახალისებისა და ფინანსური ეკოსისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით. საქართველოს ფინანსური სექტორის მარეგულირებელი ჩარჩო გამჭვირვალე და მოქნილია, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, ის ხელს უწყობს ინოვაციებს, ახალი მოთამაშეებისთვის ამცირებს ბაზარზე შესვლის ბარიერებს და იცავს ფინანსურ სტაბილურობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებულ ლიცენზირების ფორმატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამავდროულად შეიქმნა ვირტუალური აქტივების მომსახურების მიმწოდებლებისთვის განკუთვნილი მარეგულირებელი ჩარჩოც, რაც ახალი შესაძლებლობაა ფინანსური ტექნოლოგიებისა და ბაზრის მონაწილეებისთვის.
„საბანკო სექტორის განვითარებასთან ერთად, საქართველოს კაპიტალის ბაზრებიც ვითარდება. იზრდება ინტერესი როგორც სახელმწიფო, ისე კორპორატიული ობლიგაციების მიმართ, რაც ხელს უწყობს დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას. ერთად, ეს ძალისხმევა აყალიბებს უფრო დინამიურ, კონკურენტუნარიან და მომავალზე ორიენტირებულ ფინანსურ ეკოსისტემას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ინვესტიციების მდგრადი ზრდისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის 51-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ BACEE-ს თავმჯდომარე თომას ლემპული და „ქართუ” ბანკის გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაში მონაწილეობს 250-ზე მეტი დელეგატი 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტიდან.

















