თბილისში, № 6 ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+ კლუბის“ ახალი ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში კლუბის წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, „60+ კლუბი“ 2022 წლის ოქტომბერში დაარსდა და დღეს უკვე სამი ფილიალი ფუნქციონირებს. კლუბი 200-ზე მეტ წევრს აერთიანებს და ინტერესი მუდმივად იზრდება.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ არის თბილისის მუნიციპალური სერვისი, რომელიც განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის და მიზნად ისახავს მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას, სოციალური ჩართულობისა და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას.
ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, „60+ კლუბის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები. ასევე, ფილიალის გახსნაზე იმყოფებოდნენ გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფლორენს ბაუერი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორი მარიამ ხანი.
