სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე მონაწილეობენ.
სესიის პლენარულ სხდომაზე ნინო ვარდოსანიძე სიტყვით გამოვიდა და იმ რეზოლუციის ტექსტზე ისაუბრა, რომელიც ევროპის საბჭოს კონგრესზე საქართველოსთან დაკავშირებით წარადგინეს. როგორც ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, რეზოლუცია სრულიად ეწინააღმდეგება რეალობას და მასში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს.
„მინდა გამოვეხმაურო რეზოლუციას, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება რეალობას. სამწუხაროდ, რეზოლუციაში ასახული შეფასებები და მოთხოვნები არ შეესაბამება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებს. არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის შეფასებებსა და დასკვნებზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების პარალელური დათვლით მანიპულირებდა. რეზოლუცია ფეიერვერკებს დადებითად აღწერს, როგორც პროტესტის სიმბოლოს, რომელიც სინამდვილეში ძალადობის სიმბოლო იყო. ძალადობრივი მიტინგები, მათ შორის პრეზიდენტის ან პარლამენტის სასახლის შტურმი, მშვიდობიან პროტესტად არის აღწერილი. ეს რამდენიმე მაგალითი უკვე აჩვენებს, თუ რამდენად აბსურდულია რეზოლუცია, რომელსაც დღეს მხარს დაუჭერთ.
საქართველოს მთავრობას, ისევე როგორც ქართველ ხალხს, ექნება ადეკვატური რეაქცია ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებზე. ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა სწორად აფასებს წარსულს და გონივრულ არჩევანს აკეთებს მომავალზე.
სინამდვილეში ყველამ იცის, რომ საქართველოში ჩატარდა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები, რომელიც სრულად ასახავდა ქართველი ხალხის ნებას“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ არეალში მდებარეობს. რეგიონში ორი მიმდინარე ომია, რასაც ფრთხილი პოლიტიკა სჭირდება. ამ გამოწვევას საქართველომ ამ დრომდე ეფექტიანად გაართვა თავი. ყველა უნდა გავერთიანდეთ იმ იდეის გარშემო, რომელსაც მშვიდობის შენარჩუნება ჰქვია. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში ხალხის დაკვეთა რეალურად არის პროგრესი, მშვიდობა, სტაბილურობა. ამ იდეისთვის ყველანი ერთ მხარეს უნდა ვიყოთ და ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. ვხედავთ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და ახალ მიდგომებს მსოფლიო პოლიტიკაში, რაც, რა თქმა უნდა, მოითხოვს ყურადღებას. ეს პროცესები თითოეულ ადგილობრივ მოქალაქეზე აისახება და ჩვენ, როგორც ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებმა, ეს ძალიან კარგად ვიცით.
და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მაღალი ნდობის მქონე საჯარო ინსტიტუტია საქართველოში და მის გაძლიერებაზე კვლავ ვმუშაობთ. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მზად ვართ ყველა სახის საქმიანი და თანასწორი თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობა საერთო სიკეთემდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე საქართველოში 2025 წლის 24-25 სექტემბერს განხორციელებული ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ მოხსენება მოისმინეს. ანგარიში რეკომენდაციისა და რეზოლუციის ტექსტებს მოიცავდა, რომლებზეც დებატები და კენჭისყრა გაიმართა. ამას გარდა, სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის შესახებ იმსჯელეს. გაიმართა დებატები რეგიონისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზეც. პლენარულ სესიაზე ასევე კონგრესის ახალი პრეზიდენტი, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს.
