ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ერთმანეთს აიმედებენ, ერთმანეთს აგულიანებენ, ატყუებენ და საკუთარ თავებს იტყუებენ, თითქოს ახალი პლატფორმა გააკეთეს და ახლა ეს პლატფორმა გამოიყვანს მოქალაქეებს ქუჩაში.
„შეუძლებელია, რომ მათი აქცია იყოს წარმატებული. „ნაციონალურ მოძრაობას“ სიმბოლიზმი ოდითგანვე რომ ძალიან უყვარდა, ეს კარგად გვახსოვს და შესაბამისად, რაღაც თარიღებს ამთხვევენ ახლაც თავიანთ აქციებს. აბსოლუტურად განწირული იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევით ჩვენ ამ სიტყვებს არ ვიყენებთ, აბსოლუტურად განულებული და გამარგინალებულები არიან ეს უსამშობლოთა გაერთიანება. რამდენჯერ დაიშალნენ, რამდენჯერ გაერთიანდნენ, ერთმანეთს რა სიტყვებით ლანძღავენ, როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს. ახლაც გარედან დაავალეს, რომელიც სხვათა შორის წამოსცდა ბატონ სააკაშვილს, ბატონ გვარამიას. სულ რომ არ წამოსცდენოდათ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უკვე ყველაფერს ძალიან კარგად შიფრავს, მაგრამ მათ წამოსცდათ, რომ ეს გარე დავალებით იყო მორიგი დაჯგუფება. აბსოლუტურად არაფრის რესურსი არ გააჩნიათ, ვერც 26 მაისს, ვერც სხვა თარიღში ხალხს ვერ გამოიყვანენ, ვინაიდან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.
შტაბობანას თამაშს ჰგავს, ბავშვობაში რომ ვთამაშობდით ხოლმე. ერთმანეთს აიმედებენ, ერთმანეთს აგულიანებენ, ატყუებენ და საკუთარ თავებს იტყუებენ, თითქოს ახალი პლატფორმა გააკეთეს და ახლა ეს პლატფორმა გამოიყვანს მოქალაქეებს ქუჩაში. ეს შეუძლებელია. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. ნომერ პირველი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მშვიდობის კიდევ უფრო განმტკიცება, რაც ჩვენი მონაპოვარია. ეკონომიკური განვითარება და ხელს ვერ შეგვიშლის კიდევ გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან. ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს“, – აღნიშნა მან.
