საქართველოს მთავრობა მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების გეგმას ამზადებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთა-თუშეთის სტრატეგიული განვითარების პროექტს მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეთნო კულტურის შენარჩუნების, ტურიზმის განვითარების და სოციალური კუთხით.
“იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ნამდვილად გმირები არიან, დღეს იქ რჩებიან და ინახავენ ჩვენს ისტორიულ მიწა-წყალს. ჩვენი ვალია, ამ მხარეს განსაკუთრებულად მივხედოთ. არ ჩამოვთვლი სხვა პროექტებს, რომლებიც სტრატეგიული პროექტების სახით იქნება გამოყოფილი. კონკრეტულ პროექტს ეყოლება კონკრეტული მენეჯერი, კონკრეტული მმართველი და პასუხისმგებელი ადამიანი. ამ კონკრეტულ გეგმას უახლოეს მომავალში წარმოგიდგენთ და ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება დაგრჩებათ ყველას. ეს არის ყველაზე ამბიციური გეგმა, რაც კი ჩვენ უახლოესი წარსულის განმავლობაში გვინახავს. მინდა ყველა თქვენთაგანს ვუსურვო წარმატებები, მეტი ოპტიმიზმი და უფრო მეტი რწმენა ჩვენი მომავლის, რაც აბსოლუტურად საფუძვლიანია. დამერწმუნეთ, ჩვენ ამ გეგმებს ნამდვილად განვახორციელებთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.