ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, ჩინეთი მომდევნო რამდენიმე კვირაში ირანში შეიარაღების, კერძოდ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაგზავნას აპირებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჩინეთის ასეთი ნაბიჯი, შესაძლოა, პროვოკაციული აღმოჩნდეს და ხელი შეუშალოს მყიფე ზავს, რომლის წყალობითაც აშშ-სა და ირანს შორის ომი შეჩერდა. აღსანიშნავია, რომ მომდევნო თვეს ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტი იგეგმება, სადაც ის ქვეყნის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება.
ამერიკული დაზვერვა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს ირანმა ცეცხლის შეწყვეტა და საკვანძო პარტნიორების დახმარებით გადაიარაღდეს.
CNN-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ პეკინს ირანისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა მესამე ქვეყნის მეშვეობით სურს, რათა საკუთარი თავი შენიღბოს.
იარაღი, რომლის გადაცემასაც პეკინი თეირანისთვის აპირებს, მოიცავს ანტისაჰაერო სისტემას სახელწოდებით MANPAD, რომელიც დაბალ სიმაღლეზე მფრინავი საჰაერო ხომალდების ჩამოსაგდებად გამოიყენება.
ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებით, „ჩინეთი კონფლიქტის არცერთ მხარეს იარაღს არ აწვდის; გავრცელებული ინფორმაცია კი სიმართლეს არ შეესაბამება“.
