ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.
როგორც სანჩესმა ერთ-ერთი გამოსვლის დროს განაცხადა, ევროპამ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების დარღვევას თანმიმდევრულად უნდა უპასუხოს.
ესპანეთის პრემიერი ასევე გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს.
„არ უნდა დავუშვათ, რომ ლიბანი გახდეს ახალი ღაზა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევების ფონზე ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოს, თუ გვსურს, რომ დანარჩენმა სამყარომ გაგვიგოს და გვერდით დაგვიდგეს უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში, დამპყრობლის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. გუშინ ესპანეთის მთავრობამ და პირადად მე წარვადგინეთ შეთავაზება, რათა ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს, რადგანაც ცხადია, რომ ის დოკუმენტის ბევრ პუნქტს არღვევს, განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სანჩესმა.
