აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„შესაძლოა, შესაძლოა. ამაზე ვფიქრობ“, – განაცხადა ჰარისმა უფლებადაცვითი ორგანიზაციის „მოქმედების ეროვნული ქსელის“ შეკრებაზე.
შეხვედრის მედიატორის, ალ შარპტონის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ჰარისმა განაცხადა: „ოთხი წელი ვმუშაობდი და შეერთებული შტატების პრეზიდენტობამდე ერთი ნაბიჯი მაკლდა… ვიცი, თუ როგორი სამსახურია ეს და ვიცი, თუ რას მოითხოვს“.
„გასულ წელს ქვეყანაში ბევრს ვმოგზაურობდი, დიდი დრო გავატარე სამხრეთში და სხვა ადგილებში. ერთ რამ ვიცი ზუსტად, რომ არსებული ვითარება აღარ მუშაობს. ის მრავალი ადამიანისთვის აღარ არის სასურველი“, – აღნიშნა ჰარისმა.
პრეზიდენტობაზე საუბრისას ჰარისმა თქვა: „ეს ამერიკელი ხალხის გადასაწყვეტია. ასე ვფიქრობ მეც. ვფიქრობ იმ კონტექსტში, თუ ვის, სად და როგორ შეუძლია უკეთესად ემსახუროს ამერიკელ ხალხს. საქმის კურსში ჩაგაყენებთ“.
აღსანიშნავია, რომ ჰარისი, რომელიც „დემოკრატიულ“ პარტიას წარმოადგენს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის კონკურენტი იყო და დამარცხდა.
