პრეზიდენტის მიერ შეწყალებული თეა სირაძე „კვირის პალიტრასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
თეა სირაძის თქმით, მისთვის შეწყალება სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან წლების განმავლობაში კომისიას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მისგან უარი მიიღო.
„ახლაც გავაგზავნე, არ ვუშვებდი შანსს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, უკვე ყველანაირი იმედი გადაწურული მქონდა. არასოდეს მიხსნიდნენ იმ მიზეზს, რატომ მეუბნებოდნენ უარს, ერთადერთი პასუხი იყო – კრიტერიუმს არ აკმაყოფილებო, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის დროსაც გადიოდნენ ციხიდან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აკმაყოფილებდნენ კრიტერიუმს. 6 ივლისს, საღამოს 6-ის ნახევარზე ქალთა დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა მე და ჩემთან ერთად შეწყალებულ ქალებს გვითხრა ეს შოკისმომგვრელი ამბავი. ვერ აღვწერ იმ ემოციას, რაც მქონდა, სიხარულისგან ძალიან ცუდად გავხდი, არ მჯეროდა, რომ ამ სიტყვებს ვისმენდი და ვყვიროდი, ეს სიზმარია, არ მჯერა, სიზმარში თუ არ ვარ, მოდით, მიჩქმიტეთ- მეთქი. მერე სახლში დავრეკე და გავაგებინე. ძალიან ემოციური იყო შვილებთან შეხვედრა, მთელი ღამე ხელს არ მიშვებდნენ, მეხუტებოდნენ, მეფერებოდნენ, მათთან შეხვედრის ემოციის გადმოცემა რთულია. ძალიან ძნელია, როცა შვილებს ამდენი წელი ვერ ნახულობ, ვერ უყურებ მათ გაზრდას, ერთ დღეს მოდიხარ და ხედავ როგორ გაზრდილან შენი პატარები.
28 წელი მქონდა მისჯილი, წარმოიდგინეთ ამხელა სასჯელი, მაშინ არაადეკვატურ სასჯელებს უსჯიდნენ. არ ვამბობ, რომ არ ვიყავი დამნაშავე, რაც ჩავიდინე იმას ვაღიარებდი დაჭერის დღიდან, მაგრამ, რაც ბრალად მქონდა წაყენებული, ეს არ ჩამიდენია. 5 ინდოელი მამაკაცი მართლაც ვცემე, ეს იყო რეალობა და არა ის, რაც ბრალად დამდეს. მაშინ სრული განუკითხაობა იყო. საქმის არსებითი განხილვა არ ჩატარებულა, ისე მომისაჯა ამხელა სასჯელი. რაც სურდა პროკურატურას, იმას ასრულებდა მოსამართლე… პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ვარკეთილიდან მოვიტაცე 5 ადამიანი და სოფელ დიღომში წავიყვანე “ოპელ ვექტრათი”, თუ ამდენი ადამიანი ჩავსვი მანქანაში, მაშინ მე სად ვიჯექი? სად იყო ამდენი კაცის ადგილი “ვექტრაში?” არ მქონდა იარაღი, არ მქონდა დანა და მითხარით რითი ვემუქრებოდი ერთი ქალი ამდენ ხალხს, თითით?! ბრალი შეთითხნილი იყო, მაგრამ ამხელა წლების მიუხედავად სულ იმის მოლოდინში ვიყავი, რომ ოდესმე ჩემთვისაც შეიცვლებოდა რამე, ეს დღეც დადგა. მანამდე ამნისტიამ მისჯილი წლები მომაკლო, დამიტოვეს 13 წელი, 7 წელი კი გავატარე ციხეში“, – განაცხადა თეა სირაძემ.