რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ ახლა საბოლოოდ ევროპის ომად იქცა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე კვირას ევროკავშირმა უკრაინას 105 მილიარდი დოლარის ეკვივალენტის კრედიტი დაუმტკიცა, რათა 2027 წლის ბოლომდე კიევმა პრობლემებს თავი გაართვას. ექსპერტები შიშობენ, რომ აღნიშნული თანხა საკმარისი არ იქნება.
იმის გამო, რომ რუსეთი მზადაა გააგრძელოს თავისი ოთხწლიანი ომი, ვიდრე არ დაეპატრონება მეზობელ ქვეყანას, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპას შორდება და ახლო აღმოსავლეთზე ერთვება, უკრაინა საკუთარ ბედს ევროკავშირს უკავშირებს, რომელიც ტრადიციულად მკვეთრ გადაწყვეტილებებს თავს არიდებს, – წერს გამოცემა.
კვიპროსზე გამართულ სამიტზე უკრაინისთვის კრედიტის დამტკიცება, რომელსაც უნგრეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბლოკავდა, ევროკავშირის გაბედულობისა და ერთობის მანიშნებელი გახდა.
„პირველად, უკანასკნელ წლებში დარბაზში რუსები არ არიან“, – დაწერა სოციალურ ქსელში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, რომელმაც მხედველობაში იქონია ორბანი, რომელსაც „მჭიდრო კავშირები ჰქონდა მოსკოვთან და რომელიც უკანასკნელ სამიტს არ ესწრებოდა“.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ, რომელიც მიმდინარე კვირას ორბანმა არჩევნებში წაგების შემდეგ დაამტკიცა, უკრაინისთვის კრიტიკულ მომენტშია მიღებული. მას რუსეთის უწყვეტი შეტევების ფონზე ეკონომიკისა და ჯარისთვის ფული სჭირდება.
ახლა კიევი ბიუჯეტის შევსებისა და რუსეთის შესაკავებლად საჭირო იარაღის შესყიდვის კუთხით ევროპაზეა დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილმა დაფინანსებამ, შესაძლოა, რუსეთს მოლაპარაკებებისკენ უბიძგოს, – წერს გამოცემა.
