თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილეებმა გიგა ნიკოლეიშვილმა და ნატო ქიტიაშვილმა, გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, გლდანის რაიონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ და დიმიტრი ორმოცაძემ გლდანში, 6 მ/რ-ის N17 კორპუსის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გახსნეს. 500 კვ.მ-ზე მოეწყო ბეტონის საფარი, შეიცვალა მავთულ-ბადეები, დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები და დაიგო ხელოვნური საფარი.
გარდა ამისა, თბილისის მერი ამავე მისამართზე კიბის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირდება და სამუშაოების შედეგად მოეწყობა 32 მეტრი სიგრძის პანდუსი 7 % -იანი ქანობით.
პარალელურად, 5 500 კვ.მ-მდე გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჯანჯღავას II შესახვევსა და მიმდებარე ჩიხებში, სადაც ორი ფენა ასფალტის საფარი იგება.
,,გლდანის რაიონში გამგეობა რამდენიმე პროექტს ახორციელებს პარალელურ რეჟიმში და ვეცნობით ამ პროექტების მიმდინარეობას. იგება შიდა კვარტალური გზები, კეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, რამდენიმე ადგილზე კეთდება პანდუსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე, ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს, რათა ყველა ის საკითხი მოვაგვაროთ, რათ მათ აწუხებთ”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.