თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო სამუშაოები 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. მოკვლევა როგორც ვაშინგტონის სასტუმრო ჰილტონში, სადაც წვეულება იმართებოდა, ისე ლოს-ანჯელესში დაკავებულის სახლში ჩატარდა.
გამოძიების მიმდინარეობაზე ABC-ის ეთერში შეერთებული შტატების გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. ტოდ ბლანშის თქმით, გამოძიების ხელთ არსებული მასალის მიხედვით, 31 წლის თავდამსხმელი, მარტო მოქმედებდა. დაკავებულს ოფიციალურ ბრალდებას დღეს ფედერალური სასამართლოში წარუდგენენ.
„ვიცით, რომ დაკავებულს თან ორი ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენიმე დანა ჰქონდა. ასევე ვიცით, რომ ლოს-ანჯელესიდან ვაშინგტონში ჩიკაგოს გავლით ჩამოვიდა. ჩხრეკა ჩატარდა მის სახლშიც, ამოღებულია ტექნიკა. სამხილებისა და მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება. ვსწავლობთ სასტუმროს ვიდეო თვალის ჩანაწერებს, უკვე ვიცით რომ დაკავებული 24 აპრილს დარეგისტრირდა. ვიკვლევთ როგორც შემოიტანა შენობაში იარაღი, ვფიქრობ უახლოეს პერიოდში ბევრად მეტი ინფორმაცია გვექნება. ამ დროისთვის არ გვაქვს მტკიცებულება რომ ის მარტო არ მოქმედებდა. ეს ტრაგიკული ღამე იყო მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საიდუმლო სამსახურის მუშაობა, მათ უსაფრთხოება დაიცვეს, თავდამსხმელი პერიმეტრის დარღვევის მცდელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს“, – განაცხადა აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა.
