პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის, თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ბეჟან ბეჟუაშვილის განცხადებით, ტელევიზიამ წლების წინანდელი ბიზნეს დავის თაღლითი მონაწილეები პოლიტიკური კამპანიისთვის გამოიყენა. მისივე თქმით, არსებობს რეალური დოკუმენტები, რომელიც ბრალდებებს გამორიცხავს. ასევე მისი განმარტებით, რეპორტაჟში გადაღებული ავტომობილი, რომელიც პროკურორის მანქანად გაასაღეს, თამარ ბეჟუაშვილის საერთოდ არ არის.
ტელეკომპანია პირველზე გასულ სიუჟეტს დეზინფორმაციული უწოდა პროკურატურამ, ოფიციალური განცხადებითაც. განცხადებაში წერია, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილს პროფესიულ საქმიანობასთან. სიუჟეტის რესპონდენტები კი, გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი, რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები, სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე. ბრალდებებს უარყოფენ ტელეკომპანია პირველში.
„თაღლითის მიერ მოტანილი კონტექსტიდან ამოგლეჯილი კერძო გადარიცხვა ვერანაირ მტკიცებულებას ვერ შექმნის, მით უმეტეს, რომ ის მტკიცებულებაც მის საწინააღმდეგოდვე მოქმედებს. ეს არის ფურცლების ფრიალი, რომ რამენაირად თავი აარიდონ სასამართლოს მიერ დაკისრებულ ორი მილიონ-ნახევარი ლარის გადახდას და ასევე ზეგავლენა მოახდინონ შემდგომ გამოძიების პროცესებზე. ყველა მტკიცებულება წარდგენილია შესაბამის ორგანოებში, რომელსაც მე თვალდახუჭული ვენდობი. არის საერთო ინტერესი და ამაში გამოიყენეს ეს ფეიკ ტელევიზია თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის. ტელევიზიის მიზანი გახლავთ, მის მიმართ უარყოფითი პიარის აგორება. მივმართავთ სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის და იმ ქმედებისთვის, რაც მათ ჩემს ოჯახს მიაყენეს“, – განაცხადა ბიზნესმენმა ბეჟან ბეჟუაშვილმა.
„ბრალდებები ჩვენ არ წაგვიყენებია ბატონი ბეჟუაშვილისთვის, ჩვენ წავიკითხეთ ის დოკუმენტები, რომელიც 3 წელია საგამოძიებო უწყებებში ბატონი ბეჟუაშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორების მხრიდან არის წარდგენილი“, – განაცხადა ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ.
