პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ქართველ ემიგრანტს განსაკუთრებული სისასტიკით კლავენ. ბოლო 2 თვეში მედიისთვის ცნობილი გახდა 4 შემთხვევის შესახებ. ზუსტი სტატისტიკის მოძიება რთულია, რადგან ბევრი შემთხვევა არ ხმაურდება და იმალება.
ბოლო შემთხვევა საზოგადოებამ 5 ივნისს შეიტყო. 39 წლის გივი მაჩაიძე სასტიკად მოკლული იპოვეს. „ემიგრანტთა იმედის“ შოთო სიხარულიძის განცხადებით, გივი მაჩაიძეს თავის არეში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. შემთხვევა ბაირამ ფაშაში 27 ივნისს მოხდა, გივის ოჯახის წევრებმა კი ეს ინფორმაცია ერთი კვირის შემდეგ, 5 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში შეიტყვეს.
ხათუნა მაჩაიძე მკვლელობამდე ძმასთან საუბრის დეტალებს იხსენებს.
„მე ორდუში ვმუშაობს, ის – სტამბულში. დღე არ გავიდოდა, ტელეფონზე არ გველაპარაკა. 27-ში საღამოს, როცა ჩემს ძმას ვესაუბრე, ნასვამი იყო. მითხრა, – ჯერ სამსახურში უნდა მივიდე, ხელფასი მაქვს ასაღებიო. იმის გამო, რომ ნასვამი იყო, ვუთხარი, არ მისულიყო და მოვატყუე, რომ სტამბულში ვიყავი და მე დავეხმარებოდი ფულის აღებაში. მითხრა: „ჩემს საქმე მე მივხედავო“, და ტელეფონი ცივად გამითიშა“, – გვიყვება ხათუნა მაჩაიძე.
მისი თქმით, გივი მაჩაიძის მკვლელობის ამბავი თურქეთის ტელევიზიამაც გადმოსცა და შემზარავი დეტალებიც გაასაჯაროვა: „მე გუშინ ტელევიზორს რომ ვუყურე, შეშფოთებული დავრჩი. თურქეთის არხზე პატარა რეპორტაჟი აჩვენეს და, სავარაუდოდ, ჩემი ძმა ხიდიდან არის გადაგდებული. პოლიციამაც ხიდის ქვეშ, ნაპირთან იპოვა“.
გივი მაჩაიძის ოჯახის წევრები მკვლელობის სავარაუდო მოტივზე საუბრობენ. მოკლულის დის, ხათუნა მაჩაიძისა და ძმის, მიშო მაჩაიძის თქმით, ძმის მკვლელობის მიზეზი ფული იყო.
„მუშაობდა ერთ-ერთ ფაბრიკაში უთოზე. ხელფასი არ ჰქონდა აღებული. ამ მიზეზით წამოვიდა სამსახურიდან და სხვაგან დაიწყო მუშაობდა. თუმცა ფულის აღება უნდოდა. მოითხოვა ჩემმა ძმამ თანხა, წალაპარაკება მოუხდა და დანით დაჭრეს წალაპარაკების ნიადაგზე“, – ამბობს ხათუნა მაჩაიძე.
გივი მაჩაიძის მკვლელობის ბრალდებით ქართველი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს. ბრალდებულის ვინაობა არ საჯაროვდება. არც მოკლულის ოჯახის წევრებმა იციან გივი მაჩაიძის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა.
ხათუნა მაჩაიძე კატეგორიულად მოითხოვს, აცნობონ, ვინ დააკავეს მისი ძმის მკვლელობის ბრალდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავს.
„ჩვენთვის ინფორმაცია არავის მოუწოდებია. უნდა მითხრან, ვინ არის დაკავებული, სახელი და გვარი მინდა გავიგო. ჩემი მოთხოვნაა… ოჯახის წევრებმა უნდა ვიცოდეთ, მკვლელი ვინ არის. სახელსა და გვარს არ ამჟღავნებენ. მოვითხოვთ, გამოაცხადონ, სანამ სხვა ხერხისთვის არ მიმიმართავს. შეიძლება თურქმა მოკლა და ქართველს აბრალებენ. ის ქართველი თუ აქეთ გადმოიყვანეს, შევხვდები, რადაც უნდა დამიჯდეს. ის თუ მართალია, მერე სხვა ხერხს მივმართავ და ყველა გზით დავიცავ ჩემს ძმას, რომ მისმა სულმა მშვიდად განისვენოს“, – ამბობს ხათუნა მაჩაიძე.
მოკლული გივი მაჩაიძე უკვე რვა წელია, თურქეთში ემიგრანტია. მას მეგობრები და ოჯახის წევრები დადებითად ახასიათებენ. ამბობენ, რომ გულკეთილი და უკონფლიქტო პიროვნება იყო და თურქეთში კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
კითხვაზე: მუშაობდნენ თუ არა ქართველები იმ ქარხანაში, სადაც მისი ძმა ხელფასის ასაღებად მივიდა, მოკლულის და ზუსტ პასუხს ვერ გვეუბნება: „იქ ქართველები იყვნენ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია, ყოფილიყვნენ“.
გივი მაჩაიძე არ გახლავთ პირველი, ვინც ემიგრაციაში წავიდა და უცხო ქვეყანაში სიცოცხლეს გამოასალმეს.
7 მაისს საბერძნეთში 36 წლის დიანა ბერიძე მოკლეს. ცხედარი ბერძენმა სამართალდამცველებმა 9-დღიანი ძებნის შემდეგ სალონიკთან ახლოს, ტყეში დანაწევრებული იპოვეს. ქალის ცხედარი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მისი იდენტიფიცირება ოჯახმა მხოლოდ სვირინგის საშუალებით შეძლო.
ქალის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის საქმეზე ბრალი 38 წლის ექიმს წარუდგინეს. ბერძნული მედია წერდა, რომ მოკლული ქალი ბრალდებულის პაციენტი იყო.მოგვიანებით, დიანა ბერიძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 ექიმი დააკავეს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი ანესთეზიოლოგია.
ოჯახის ახლობლების თქმით, ქალი ქირურგის შეცდომას ემსხვერპლა. დიანა სალონიკის ერთ-ერთ კლინიკაში მიკროქირურგიული ოპერაციისთვის წავიდა. მას შემდეგ არავის უნახავს. დიანა ბერიძის ოჯახს მკვლელობის კონკრეტულ მოტივზე საუბარი უჭირს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ექიმს ქალი ოპერაციის დროს შეცდომის გამო შემოაკვდა, შემდეგ კი ცხედარი გადამალა. ამ ვერსიას ოჯახი გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი საანესთეზიო ნივთიერების კვალის გამოც ეყრდნობა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ექიმთან ოპერაციაზე მისული დიანა ბერიძე ბრალდებულმა სალონიკში მდებარე იპოკრატიოს კლინიკის ერთ-ერთ ოთხში 26 აპრილს მოკლა. მოგვიანებით კი დანაწევრებული ცხედარი კლინიკიდან ფარულად გაიტანა და საკუთარი ავტომობილით კუნძულ ჰალკიდიკზე მდინარეში ჩააგდო.
იკვლევენ, დაკავშირებულია თუ არა საქმე ორგანოების გაყიდვასთან.
დიანა ბერიძე ქობულეთიდან ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში 6 წლის წინათ წავიდა, სადაც მცირე ბიზნესით იყო დაკავებული. მას მეუღლე და 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
25 მაისს ელენე გოკაძე მოკლეს. შემთხვევა ფაცა ურდუს უბანში, ათათურქის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი სასტიკად იყო ნაწამები.
თურქული მედიის ცნობით, მძაფრი სუნისგან შეწუხებულმა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. კარის გატეხის შემდეგ კი ოთახში ახალგაზრდა ქალის ცხედარი სკამზე მიბმული და ყელგამოჭრილი იპოვეს.
მკვლელობის დეტალების შესახებ წერს „ემიგრანტთა იმედის“ ხელმძღვანელი შოთო სიხარულიძე.
„ელენე გოკაძე ამ ქუჩაზე მცხოვრებმა თურქმა ყრუ-მუნჯმა ქუჩიდან მოიტაცა (გაიტაცა) და რამდენიმე საათის განმავლობაში სკამზე სკოჩით მიბმულს აწამებდა.
ელენე დილით, 8 საათზე გავიდა სახლიდან და დაახლოებით, დილის 10 საათზე ტელეფონს აღარ პასუხობდა. თურქმა ყრუ-მუნჯმა ის სასტიკად აწამა, სკამზე სკოჩით მიბმულს გადაუჭრა ვენები, სახე დანით დაუსერა, საბოლოოდ კი, მას ყელი გამოსჭრა და სიცოცხლეს გამოასალმა. გარდაცვლილი სადარბაზოში მცხოვრებმა თურქმა მეზობელმა იპოვა“, – ამბობს შოთო სიხარულიძე.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქ ფაცაში მცხოვრებმა 30-მდე წლის ყრუ-მუნჯმა მამაკაცმა მოკლა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მკვლელობაში მეორე, ასევე, ყრუ-მუნჯი მამაკაცი მონაწილეობდა.
მანამდე იმავე ქალაქში კიდევ ერთი ქართველი ქალი მოკლეს. შემთხვევა არ გახმაურებულა. ასევე, ორდუს რაიონში 2016 წლის თებერვალში სიცოცხლეს გამოასალმეს 39 წლის ქართველი მამაკაცი. მირიან ბოგვერაძეს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში ჰქონდა მიყენებული. თურქული მედიის ინფორმაციით, ცხედარი მიტოვებულ სახლში იპოვეს, სადაც მოპარული ნივთებიც აღმოაჩინეს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთიდან საქართველოში კიდევ არაერთი მოქალაქე ჩამოასვენეს. გასული წლის ნოემბერში თურქეთის ქალაქ სტამბულში საქართველოს 51 წლის მოქალაქე, მზია დუნდუა მოკლეს. ის სტამბულში მომვლელად მუშაობდა. გარდაცვალებამდე მან ორ ქართველს დაურეკა და დიასახლისთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ უამბო. იგი მათგან დახმარებას ითხოვდა.
„მზიასა და თურქ დიასახლისს შორის კამათი სამი დღე გრძელდებოდა. მზია გასამრჯელოს ითხოვდა. სურდა, თანხა საქართველოში, სახლში გაეგზავნა. 1-ელ ნოემბერს, სამშაბათს, როდესაც მზიამ კიდევ ერთხელ მოითხოვა თანხა, თურქმა ქალმა საყვავილე ესროლა და თავში მოარტყა. მზიამ გონება დაკარგა. დიასახლისმა აბაზანაში ჩაკეტა. გონზე რომ მოვიდა, ორ ქართველს დაურეკა და დახმარება სთხოვა. ამ დროს, თურქი დიასახლისი კარზე აკაკუნებს, მაგრამ მზია კარს არ აღებს. ქალმა კარი შეანგრია. ოთახში შევარდა. განრისხებულმა მზიას დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და სახლიდან გაიქცა. დაჭრილ-დასახიჩრებული და დასისხლიანებული სხეულით ქართველმა ხოხვით აივნამდე მიაღწია“, – ამბობს „კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთი ქართველი.
კიდევ ერთი ქართველის თქმით, თურქული მხარე საქართველოს მოქალაქის თვითმკვლელობის ვერსიას განიხილავს, რადგან გარდაცვლილს ვენები გადაჭრილი ჰქონდა, თუმცა დედის თვითმკვლელობას კატეგორიულად გამორიცხავენ დუნდუას შვილები.
პროფესიით პედაგოგი, 51 წლის მზია დუნდუა სტამბულში რამდენიმე წელი მუშაობდა. იგი ოჯახში ბავშვს უვლიდა.
ასევე, გასული წლის იანვარში თურქეთის ქალაქ თუჯაში საქართველოს სამი მოქალაქე ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველ ეტაპზე თურქული მხარე უბედური შემთხვევის ვერსიას განიხილავდა, კერძოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებები იმდენად აშკარა იყო, რომ მათ კვალიფიკაციის შეცვლა მოუწიათ. გარდაცვლილებს ყელი ჰქონდათ გამოჭრილი. ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ეწია თუჯაში 18 წლის ახალგაზრდისა და მისი ორი ბებიის მკვლელობის საქმეს.
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს ამა წლის აპრილშიც. 25 წლის ქართველი მამაკაცის მკვლელობა თურქეთის მოქალაქეებთან ურთიერთშელაპარაკებას დაუკავშირდა, რა დროსაც ის ცივი იარაღით მოკლეს. იგი მუშაობის მიზნით თურქეთის ტერიტორიაზე 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. მას ცოლი და 3 თვის შვილი დარჩა.
ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, რომელიც ბოლო პერიოდში თურქეთში საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას უკავშირდება…
www.primetime.ge