ვაღიარებთ ქრისტიანულ, რეალურად დემოკრატიულ, იდენტობის პატივისმცემელ ევროპულ კულტურას და ევროპულ დამოკიდებულებას დემოკრატიის ხარისხთან თუ სხვა საკითხებთან, ეროვნულობასთან მიმართებით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ამის გამო არ შეიძლება ვინმეს დასჯა მოინდომოს რომელიმე გაერთიანებამ თუ ქვეყანამ.
„სადაც იქნება სამართლიანობა, იქ ურთიერთობაც გაუმჯობესდება. სადაც იქნება უსამართლო დამოკიდებულება, ბუნებრივია, ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ვერავინ აიღებს პასუხისმგებლობას, ვერც ქართული მხარე. ეს ადამიანურ ურთიერთობებშიც ასეა, პოლიტიკურ ურთიერთობებშიც ასეა და ნებისმიერ სფეროში, როდესაც ერთი მხარე გამოხატავს უსამართლო დამოკიდებულებას მეორის მიმართ, არ შეიძლება ურთიერთობის ნორმალიზებაზე თეორიული დაშვებაც კი. თუ ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორი შეფასებები, სწორი დამოკიდებულება იქნება და არ იქნება გაკიცხული ის საკითხი, რომ საქართველო არ ითხოვს მეტს არაფერს, გარდა სამართლიანობისა, გარდა მისი ქმედებების სწორი შეფასებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლაში რომ არ ჩართონ PR ნარატივები მხოლოდ ერთი მიმართულებით და რაღაც გაიდლაინებით მოქმედება მის წინააღმდეგ, საქართველო მიდის ყველასთან ურთიერთობაზე, ოღონდ მისი მთავარი, ეროვნული, იდენტობასთან დაკავშირებული ინტერესები იყოს პირველ პლანზე დაყენებული, პირველ რიგში გათვალისწინებული და ოღონდ, არ დაგვძრახონ, როგორც ჩვენს ქვეყანაში იტყვიან ხოლმე, იმისთვის, რომ მოგვწონს, გვინდა, ვაღიარებთ ქრისტიანულ, რეალურად დემოკრატიულ, იდენტობის პატივისმცემელ ევროპულ კულტურას და ევროპულ დამოკიდებულებას დემოკრატიის ხარისხთან თუ სხვა საკითხებთან, ეროვნულობასთან მიმართებით. ამის გამო არ შეიძლება ვინმეს დასჯა მოინდომოს რომელიმე გაერთიანებამ თუ ქვეყანამ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს მაინც ასე დარჩება, ჩვენი ქვეყანა დგას თავის სიმაღლეზე როგორც არასდროს, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეის ხარისხი დღეს არის ისეთი, როგორც არასდროს. შესაბამისი პასუხები გვექნება ჩვენ ჩვენი მხრიდანაც“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
