ესპანეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერი ალბერტო ნუნიეს ფეიხოო ამომრჩევლებს მოუწოდებს, მოახლოებულ ვადამდელ არჩევნებში ცვლილებებს დაუჭირონ მხარი.
კონსერვატიული „სახალხო პარტიის“ ლიდერის თქმით, მათ უარი უნდა თქვან მოქმედ ცენტრისტულ-მემარცხენე კოალიციურ მთავრობაზე, მოქმედი პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უნდა ჩამოიშორონ და მის კონსერვატიულ პარტიას დაუჭირონ მხარი.
„ბოლოს და ბოლოს, ესპანეთი საკუთარ სათქმელს იტყვის. როგორც იქნა, უმრავლესობას კიდევ ერთხელ მიეცემა ხმის უფლება. ესპანელი ხალხი თავად გადაწყვეტს. არა მხოლოდ რამდენიმე ან ერთი ადამიანი, არამედ ყველა ესპანელი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ეპოქას წერტილი დავუსვათ და უკეთესი დავიწყოთ. როგორც იქნა, ის, ვინც აქამდე საერთოდ არც უნდა მოსულიყო, შესაძლოა, წავიდეს. ჩვენ მივცემთ ხმას და ბოლოს და ბოლოს, ესპანეთს შეეძლება აირჩიოს, როგორი ქვეყანა სურს იყოს. კითხვა, რომელსაც მოქალაქეებს ვუსვამ, ასეთია: სურთ მათ, კიდევ ოთხი წელი იცხოვრონ იმ რეალობაში, რასაც ახლა ვხედავთ, თუ სურთ, ცვლილებას მისცენ შანსი? ესპანეთი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩაკეტილი უზარმაზარ სიცრუეში, რომელმაც ყველაფერი შელახა. ჩვენ მოგვიწია უპრინციპო პოლიტიკისა და ძალაუფლების მოპოვებისთვის უსაზღვრო ამბიციის ატანა. მთავრობის, რომელიც მზად არის, ყველაფერზე წავიდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩეს“, – განაცხადა ალბერტო ნუნიეს ფეიხოომ.
ამასთან, მისივე თქმით, ესპანელებმა მოახლოებულ ვადამდელ არჩევნებში კორუფციასა და წესიერებას შორის უნდა გააკეთონ არჩევანი.
„ეს არ არის არჩევნები, როგორიც დემოკრატიულ ქვეყანაში აქამდე გვინახავს. საქმე ეხება იმას, რომ ესპანეთმა სანჩესი დაამარცხოს. საქმე ეხება ერისა და დემოკრატიის გამარჯვებას მათზე, ვინც მათ ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა. ეს არის არჩევანი კორუფციასა და წესიერებას შორის, რეგრესსა და კეთილდღეობას შორის“, – აღნიშნა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა.
ცნობისთვის, მანამდე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება. მისი თქმით, დადგა დრო, ესპანეთის მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს. ესპანეთის პრემიერმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება საბინაო კრიზისის გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გავიდა. აქტივისტები ესპანეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ და მოქალაქეებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ.
