„ქართულ ოცნებაში“ ხაზს უსვამენ, რომ კანონი ყველასთვის თანასწორია და დანაშაულზე ყველამ პასუხი უნდა აგოს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ძალადობაში ბრალდებულების დაკავების შემდეგ ოპოზიციასა და მათ მოკავშირეებს ქვეყნის დაზიანების ბერკეტები ხელიდან გამოეცალათ.
„ეს არის მორიგი ცრუ პროპაგანდა მათი მხრიდან, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა – „ქართული ოცნების“ პირობებში ინდულგენციას არ წარმოადგენს არც პოლიტიკური თანამდებობა, არც ჩვენი გუნდის წევრობა, არც სამართალდამცველობა და, შესაბამისად, ყველანი თანასწორები ვართ კანონის წინაშე. რა თქმა უნდა, რადიკალებს ეს ძალიან არ აწყობთ, რადგან ამ შემთხვევაში ისინი თავიდან ბოლომდე სცდებიან ამ ჩვენს ღირებულებებს, ფასეულობებს. თუ წინა ხელისუფლებაზე ვისაუბრებთ, კარგად გვახსოვს, თუ რას სჩადიოდნენ ისინი და აბსოლუტურად ყველა დაუსჯელი დარჩა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ადარებენ „ ქართულ ოცნებას“ და რადიკალურ ოპოზიციას, ძალიან ბევრი განსხვავებაა ჩვენ შორის. ფუნდამენტური განსხვავებებია და ერთ-ერთია ის, რომ ჩვენს პირობებში კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მომხრეების რაოდენობას“, – მიიჩნევს მაჭავარიანი.
2024 წლის აქციების საქმეზე დაკავებულ მოქმედ და ყოფილ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ.
