ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „იმედის კვირის“ კითხვაზე, რატომ სურს „იმედის“ დასანქცირება და დაასახელოს ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული თუნდაც, ერთი დეზინფორმაცია, არ პასუხობს და ამბობს, რომ მომზადება სჭირდება.
„რატომ ხართ აქ, მე არ შემიძლია საუბარი“, – მიმართა იუკნევიჩიენემ „იმედის კვირის“ ჟურნალისტს ლეო სიხარულიძეს, რომელმაც მას კაბინეტთან მიაკითხა.
კითხვაზე, რატომ ცდილობს იგი „იმედისთვის“ სანქციების დაწესებას, ევროპარლამენტარი ამბობს: „არა, ახლა დრო არ მაქვს. ინტერვიუს ყველა წინასწარ ითხოვს, ასე რომ, მისწერეთ ჩემს ასისტენტებს“ და „იმედის კვირის“ გადამღებ ჯგუფს მისი ასისტენტების კაბინეტისკენ ამისამართებს.
„უარს აცხადებთ კომენტარზე? საერთოდ ვერაფერს გვეტყვით, თუ რის საფუძველზე გადაწყვიტეთ ტელეკომპანია „იმედისთვის“ სანქციების დაწესებაზე მუშაობა?” – მიმართა მას „იმედის კვირამ“.
„არა, თავისთავად, მე ხომ უნდა მოვემზადო“, – აცხადებს ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს შესახებ ანგარიშში ქართული ქართული ტელეკომპანიების სანქცირების შესახებ მოთხოვნა შეიტანა.
„დეზინფორმაციის ერთ მაგალითსაც ვერ მოგვიყვანთ? ეს ხომ მარტივი შეკითხვაა. თუ შეიძლება, გაგვიზიარეთ მაგალითები, თუ რატომ უნდა დააწესოთ სანქციები“, – კვლავ მიმართა იუკნევიჩიენეს კითხვით „იმედის კვირამ“.
„ტელეკომპანია „იმედი“ ჩემზე ნადირობს“, – ამბობს ევროპარლამენტარი.
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.
