რა კონტექსტშიც ხდება უკრაინული მხარის გააქტიურება, არის საქართველოს როლი დაკავშირებდობის კონტექსტში და ის საჭიროებები, რაც ჩვენს ფართო სამეზობლოში სახელმწიფოებს გააჩნიათ, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს საქართველოსთან, საქართველოს გავლით ურთიერთობები ბევრ სახელმწიფოს ესაჭიროება, რაც ბუნებრივია და არ არის გამორიცხული, რომ იგივე საჭიროებები დგას უკრაინული მხარისთვისაც. მინისტრის შეფასებით, ადვილად ასახსნელია, თუ რატომ სჭირდება უკრაინას დღეს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე, ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან შეცვლილ რიტორიკაზეც.
„მე დარწმუნებული ვარ, კამერის მიღმა და იმ სიტყვების მიღმა ყველამ კარგად იცის რამდენად უსამართლო იყო ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ვხედავთ შეცვლილ რიტორიკას, იქაც იგრძნობა სხვაობა, თუნდაც კრიტიკაში, მაგრამ როდესაც ხედავ უსამართლო დამოკიდებულებას, სრულიად არარეალურ კომენტარებს, რეზოლუციებს, ნაბიჯებს, რთულია ამ ყველაფრის ერთ დღეში შემობრუნება და ამ ყველაფრის დავიწყება. ჩვენ გვესმის ესეც, რომ ასე ვერ მოხდება, თუმცა გარკვეული დინამიკა შეიმჩნევა. მე იმედი მაქვს, რომ მივალთ იქამდე, რომ ეს დამოკიდებულება უკვე საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით“, – განმარტა ბოჭორიშვილმა.
