სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ახალ პატრიარქს არჩევას მივულოცავთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, ჩარევის მცდელობა, შეიძლება, ყველას ჰქონდეს და ეს მათი პასუხისმგებლობაა, „გახარია საქართველოსთვის“ ნებისმიერი ტიპის ასეთ მცდელობას ემიჯნება.
„სინოდის გადაწყვეტილებას ველოდებით. ჩვენთვის მისაღები იქნება სინოდის ნებისმიერი გადაწყვეტილება. არავის აქვს უფლება, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერიოს. შესაბამისად, ჩვენ სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ახალ პატრიარქს არჩევას მივულოცავთ.
ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ პროცესის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, მიუხედავად იმისა, რას ემსახურება ეს. ვურჩევდი ყველას, შეინარჩუნონ ნეიტრალობა და დაელოდონ სინოდის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
