საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პარლამენტის – ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს, რიხარდ რაშის შეხვდა.
მხარეებმა გაიხსენეს ორმხრივი შეხვედრა, რომელიც 2025 წლის ივლისში ჟენევაში შედგა და დადებითად შეაფასეს დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობა სლოვაკეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
შალვა პაპუაშვილმა სლოვაკურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
აღინიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტების ინტენსივობაშიც გამოიხატება.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. აღინიშნა პარლამენტის ადმინისტრაციებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა. გამოიხატა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა. დადებითად შეფასდა 2026 წლის იანვრიდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედება ქუთაისი-ბრატისლავის მიმართულებით.
რიხარდ რაშიმ აღნიშნა სლოვაკეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სლოვაკეთში თვეში ერთხელ ლიტურგია ქართულ ენაზე აღევლინება. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მან ასევე განაცხადა, რომ ქართული მხარე ყოველთვის ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის.
რიხარდ რაშიმ განაცხადა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და გამოხატა სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარებისთვის მზაობა.
შეხვედრა შედგა სლოვაკეთის რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სლოვაკეთთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და აღნიშნული კომიტეტისა და მეგობრობის ჯგუფის წევრი რიმა ბერაძე.
